"ჩემი სათქმელი მაქვს პრეზიდენტთან" - მიხეილ სააკაშვილს გუბაზ სანიკიძე მოინახულებს
მესამე პრეზიდენტთან საპატიმროში მნახველების რიგი არ წყდება. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდება ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.
სანიკიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან თავის სათქმელი აქვს. პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გახორციელებულ ქმედებებში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები. პოლიტიკოსი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მძიმე შედეგები მოჰყვება.
პირველ რიგში, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა. მე ჩემი სათქმელი მაქვს პრეზიდენტთან. თქვენ იცით, რომ სააკაშვილს ჰყავს პირადი მტერი პუტინის სახით. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი შიში და გულყრები ვლადიმერ პუტინს აქვს მიხეილ სააკაშვილთან დკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრციხავ, რომ რუსული სპეცსასამხურები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში, ამიტომ ის, რაც თქვა სააკაშვილმა, სათქმელი იყო აუცილებლად. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას, თუ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, - ამბობს გუბაზ სანიკიძე.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, იმყოფება.
რუსთავის მე-12 პენიტენიციურ დაწესებულებასთან კატასტროფის ბრიგადაა მობილიზებული. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში ხელისუფლება მას გლდანის ციხის საავადმყოფოში უშვებს, თუმცა ამას თავად მესამე პრეზიდენტი და მისი ადვოკატები ეწინააღმდეგებიან.