ოპოზიციის აკრძალვის გეგმა - "ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციოს სარჩელით დღეს მიმართავს

27.10.25 11:33
ოპოზიციის აკრძალვის გეგმა - "ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციოს სარჩელით დღეს მიმართავს

"ძლიერი საქართველო" დღეს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საქმე ეხება "ოცნების" მიერ დაანონსებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას.

პარტიის წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტზე "ლელომ" იურისტებთან ერთად იმუშავა და დღეს 15:00 საათზე უკვე სასამართლოში წარადგენენ.

ოპოზიცონერი ასევე განმარტავს, რატომ არის დაუშვებელი ივანიშვილის პარტიის გადაწყვეტილება. მისი თქმით, "ლელო" ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას ყველა შესაძლო მეთოდით და ხერხით შეეწინააღმდეგება. 

ჩვენ ვიწყებთ რეალურად ამ რეპრესიების და დიქტატურის გაფორმების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილს. "ლელომ" იურისტთა ჯგუფთან ერთად მოამზადა სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, სტრასბურგში. ამ კანონებით ივანიშვილს უნდა, რომ დაამყაროს დიქტატურა. ჩვენ ვიბრძოლებთ, ვთქვით, ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით, რომ დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ამ ქვეყანაში ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა მეთოდით და ხერხით და ქვეყნის გარეთაც იგივეს გავაკეთებთ, ამიტომ, ვთვლით, რომ ეს სამართლებრივი ბრძოლა არის მნიშვნელოვანი. მნიშნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ ბრძოლაში გაითავისოს, რომ აქ არ არის რომელიმე პარტიისთვის საქმიანობის აკრძალვაზე, აქ არის საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის, არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ აღნიშნული აკრალვა ძალაში შევა, ეს მაინც მხოლოდ ფორმალური იქნება, რადგან რეალურად, ისინი პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობენ.

ეს არის ლეგიტიმური ოპოზიციური ძალების აკრძალვა, რომელიც მინიმუმ, მათი დათვლებითაც კი ამომრჩევლის 40%-ზე მეტია. წარმოგიდენიათ თქვენ რომელიმე სახელმწიფოში შეხვდეთ ასეთ მაგალითს, როდესაც პოლიტიკურ ძალებს 40%-ზე მეტი აქვს და ის მმართველად წოდებული ძალისგან არის აკრძალული? არ ვიცი როგორ უნდა შეუზღუდონ ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა. ისევ ვივლით ქუჩაში, ისევ შევხვდებით ხალხს, ისევ მოგცემთ ინტერვიუებს, ისევ ჩავერთვებით ტელევიზიებს. ტელევიზიებს აუკრძალავან ჩართვას? ჩვენ მივალთ და ხალხს პირდაპირ დაველაპარაკებით, ჩავრთავთ სმარტფონებს, ინტერნეტის მეშვეობით გავუზიარებთ ჩვენს პოზიციებს, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე. 

"თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვა, ფაქტობრივად, მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ნიშნავს, რაც დაუშვებელია. 

პოლიტიკური ორგანიზაციების აკრძალვა ნიშნავს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის უფლების ჩამორთმევას და ქვეყანაშ პირდაპირ განაცხადს, რომ ამყარებ რაღაც ბატონყმურ წყობილებას და დიქტატურას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მემგონი, ნებისმიერ გონიერ ადამიანს ამის მიმართ დიდი წინააღმდეგობა გააჩნია, - ამბობს ლევან ცუცქირიძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ათამდე ოპოზიციური პარტიის აკრძალვს გეგმავს. არსებული ინფრომაციით, ივანიშვილის პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დღეის ჩათვლით უნდა მიემართა, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე რაიმე ინფორმაცია ისევ არ ვრცელდება.  

მსგავსი სიახლეები