"ვალაგებთ, ვალამაზებთ" - "ოცნებაში" ვერ ამბობენ, როდის მიმართავენ საკონსტიტუციოს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით

27.10.25 13:14
"ვალაგებთ, ვალამაზებთ" - "ოცნებაში" ვერ ამბობენ, როდის მიმართავენ საკონსტიტუციოს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით

"ოცნებაში" ვერ ამბობენ, როდის მიმართავენ საკონსტიტუციოს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით. ივანიშვილის პარტიაში "პირველებს" ეუბნებიან, რომ სარჩელს "ალამაზებენ და აშალაშინებენ", რათა რაიმე ხარვეზს არ ჰქონდეს ადგილი. 

არ ვიცი, მზადდება, მემგონი, ამ კვირაში შევა. ალაგებენ, რომ არ გამოეპაროთ რამე. გალამაზდება გაშალაშინდება და მიიტანენ. ყველ არ აიკრძალება, რა თქმა უნდა. ძალიან ჯანსაღი პარტიებია, შეიძლება, ახალიც ჩამოყალიბდეს და როდესაც გათავისუფლდება ადგილები და იქნება გარემო ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული იქნება... მე არ ვიცი ვინ არ აიკრძალება. ჯერ ჩვენ არაფერი ვიცით, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

ლევან მაჭავარიანი პირდაპირ ამბობს, რომ ეს საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტია და ამიტომ დოკუმენტს საფუძვლიანად ამუშავებენ. 

პირველი პრეცედენტია საქართველოს ისტორიაში და შესაბამისად, მაქსიმალურად ვემზადებთ, რომ აბსოლუტურად უხარვეზო იყოს ეს სარჩელი. ის ძალები უნდა მოშორდნენ პოლიტიკურ ველს, რომლებიც დაკავებულები არიან მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის წინააღმდეგ, ანტიკონსტიტუციური ქმედებებით და მავნებლობით საქართველოს წინააღმდეგ, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.  

თენგიზ შარამანაშვილი კი ამბობს, რომ საკითხზე სამსჯელოდ დღეს უმრავლესობის სხდომაც კი ჩაინიშნა.  

აქ არის ლაპარაკი ყოველ კონკრეტულ პირზე, რომელიც ახალი კანონით განისაზღვრა. ჩვენ შევხედეთ ამას ისე, რომ პარტია რაღაცა ზოგადი ფორმა ხომ არ არის? ეს არის კონკრეტული ადამიანების მიერ შექმნილი ორგანიზაცია. თუ პარტიამ რამე არაკონსტიტუციური ჩაიდინა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა და ხელმძღვანელებმა ან იმ პირებმა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდნენ მაშინ, მათ ჩაიდინეს ეს ყველაფერი. უმრავლესობის სხდომაა დღეს 18:00 საათზე. კიდევ ერთხელ გავივლით ამ სარჩელის თაობაზე ჩვენს მოსაზრებებს, - ამბობს შარმანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ათამდე ოპოზიციური პარტიის აკრძალვს გეგმავს. არსებული ინფრომაციით, ივანიშვილის პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დღეის ჩათვლით უნდა მიემართა, თუმცა ასე არ მოხდა.

პარალელურად, საკონსტიტუციოში სარჩელი შეაქვს "ძლიერ საქართველოსაც". კოალიცია ოპოზიციის აკრძალვას დაუშვებლად მიიჩნევს და დოკუმენტში ყველა იმ ნორმას განმარტავს, რომელიც ამ გადაწყვეტილებასთან შეუსაბამოა.  

მსგავსი სიახლეები