“ოცნებას“ რომ ჰქონდეს პასუხები იმაზე, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, მათ არ გაუჭირდებოდათ ნებისმიერ ფორუმში წასვლა- მესამე სექტორი
“ქართული ოცნება“ ცდილობს შეასრულოს რუსეთის დაკვეთა, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაქრობა საერთაშორისო ასპარეზიდან, - ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები “ოცნების“ გადაწყვეტილებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით.
ეკა გიგაურის თქმით, “ოცნებას“ იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ მასზე დასმული კითხვების მოსმენა და პასუხების გაცემის სურვილია რ აქვთ.
“ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონდეს პასუხები იმაზე, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მათ არ გაუჭირდებოდათ, ნებისმიერ ფორუმში წასვლა, რადგან იქ კითხვები დაისმება და ამ კითხვებზე მათ პასუხები არ აქვთ, ზუსტად ამიტომ, იმდენად ბევრი დააშავეს და პასუხები არ არსებობს აქ მიმდინარე მოვლენებზე, რომ ისინი ცდილობენ ეს კითხვები არ მოისმინონ და პასუხები არ გასცენ. მათი მხრიდან ტყუილია, მათივე მომხრეების მხრიდან, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ცდილობენ ევროპასთან ურთიერთობის დალაგებას. რა თქმა უნდა, ამას არ ცდილობენ, - ამბობს გიგაური.
ნინო ევგენიძე კი აცხადებს, რომ “ოცნების“ მიზანია, საქართველო დატოვონ პუტინის და რუსული რეჟიმის ორბიტაზე.
ივანიშვილის და მისი რეჟიმის მთავარი მიზანია, რომ საქართველო არ იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. მათი ყოველი ამგვარი ნაბიჯი იზოლაციისა და ამგვარი გადაწყვეტილებებისა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანია, საქართველო დატოვონ პუტინის და რუსული რეჟიმის ორბიტაზე, - ამბობს ევგენიძე.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ერევანში ხვალ გაიხსნება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს “ქართული ოცნება“. სომხეთში უკვე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადეგენლები და სამოქალაქო საზოგადოება.