"პარტიების აკრძალვა სრული ნონსენსია" - "ლელომ" საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

27.10.25 15:49
"პარტიების აკრძალვა სრული ნონსენსია" - "ლელომ" საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას წინააღმდეგ სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. დოკუმენტი აპარატში ცოტა ხნის წინ გიორგი სიორიძემ შეიტანა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ოცნების" ამგვარი გადაწყვეტილება "სრული ნონსენსია" და წინააღმდეგობაში მოდის, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციასთან. 

სიორიძე ასევე ამბობს, რომ სამართლიანი გადაწვეტილების იმედი არ აქვთ, თუმცა უბრძოლველად დანებებას არ აპირებენ და მომავალში სტრასბურგის ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ. 

ამ სარჩელში არის სრული დასაბუთება იმ ნორმების არაკონსტიტუციურობისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიირო რამდენიმე დღის წინ და მანამდე კიდევ მაისში, როდესაც დაგვემუქრა ირაკლი კობახიძე, რომ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავდა. სამართლებრივად ეს არის სრული ნონსენსი, ის ეწინააღმდეგება ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტს, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენცია, არღვევს გაეროს საერთაოშიროს აქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტს და რაც მთავარია, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, იმ რედაქციას, რომელიც "ქართული ოცნების" დროს იქნა მათ შორის მიღებული, რომლის მიხედვითაც აი, ამ სასამართლოს აქვს ძალიან შეზღუდული კომპეტენცია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ის არ მოიცავს ცალკეული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, ის არის თავის თავად ცხადად არაკონსტიტუციური იმას რომ თავი დავანებოთ, რომ როგორც ცალკე ორგანიზაციების აკრძალვა არის უკიდურესი ზომა დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს შეეხებოდა ხოლმე, მაგალითად, ფაშისტურ, ნაცისტურ, ექსტრემისტულ კომუნისტურ პარტიებს, ხოლო ავტორიტარულ სახელმწიფოებში აიკრძალებიან ხოლმე პოლიტიკური ოპონენტები როგორც რუსეთში, ბელარუსში, ირანში, თურქმენეთში და ახლა ივანიშვილის საქართველოშიც. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უბრძოლველად დავუთმოთ მათ ყველა ველი. ჩვენ ვიბძროლებთ ამ სასამართლოში, რომლის იმედი, ბუნებრივია, არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ შევქმნით მხილეთა ძალიან სერიოზულ მტკიცებულებებს და ბაზას ხვალინდელი დღისთვის და გავიხსნით გზას სტრასბურგისკენ. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ათამდე ოპოზიციური პარტიის აკრძალვს გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დღეის ჩათვლით უნდა მიემართა, თუმცა ახლა ამბობენ, რომ დოკუმენტი, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება.  

ფოტო: ტაბულა

მსგავსი სიახლეები