გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციურ სამსახურს პასუხობს - რა მოხდა საკანში?

27.10.25 15:40
გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციურ სამსახურს პასუხობს - რა მოხდა საკანში?

"ნებისმიერი რეპრესიული პოლიტიკის ახალი გამოვლინებისთანავე, ჩვენ სრული შიმშილობიდან გადავალთ მშრალ შიმშილობაზე და ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებელნი იქნებიან პაატა სალია, ჯალათი რამაზ ფირცხალავა და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი"- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერს. 

ბიზნესმენი პენიტენციური სამსახურის განცხადების საპასუხოდ, 25 - 26 ოქტომბერს გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტებს დეტალურად იხსენებს და პაატა სალიას მიმართავს და დირექტორის რამაზ ფირცხალავას საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. 

გლდანის ციხე...
25 - 26 ოქტომბერი... დირექტორი - სტაჟიანი ჯალათი რამაზ ფირცხალავა...
შაბათს, 25 ოქტომბერს ჩვეულებრივი დილა გათენდა. როგორც წესი, ციხე სადილს გვაწვდის 13:00 - 14:00 საათამდე. გახდა 15:00 საათი და სადილი მოსული არ იყო. დაახლოებით 4-ის ნახევარზე, ბადრაგ ჯონი საბაშვილს ვკითხეთ, რა იყო ამის მიზეზი. მან გვითხრა - არ ვიცი, დღეს სადილს დააგვიანდა და მეტს ვერაფერს გეტყვითო. ამის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, ბადრაგი ბრუნდება და გვეუბნება - ახლა გავარკვიე და დღეს საკვები თავის დროზე დარიგდა ყველასთან და გასაოცარია, რომ თქვენთან არ ყოფილაო. ისიც დაამატა, რომ ახლა ვერაფერს იზამდა. ჩვენ 15:30-ზე თეთრ ფურცელზე დავწერეთ ამ ფაქტის შესახებ და სათვალთვალო კამერებში დავაფიქსირეთ, რის შემდეგაც, იგივე ბადრაგს ვთხოვე, რომ დარეკვა მინდოდა სახალხო დამცველთან და გენინსპექციის ცხელ ხაზზე.

დაახლოებით ნახევარ საათში მან გამიყვანა დასარეკად. როდესაც დავრეკე 15-55-ზე - გენინსპექციის ცხელ ხაზზე, ავტომოპასუხემ მიპასუხა, რომ კომუნიკაცია ვერ განხორციელდება, რადგან ის შეზღუდულიაო. იქვე იჯდა ე.წ. "კორპუსნოი", ვისაც კორპუსის უსაფრთხოება აბარია. ვუთხარი, რომ აღნიშნული ტელეფონიდან გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი იყო შეზღუდული და ამის თაობაზე ვთხოვე ოქმის შედგენა. პასუხად, "კორპუსნოი" პაპუნამ მიპასუხა, რომ ის ოქმს ვერ შეადგენდა, რადგან არ ესმოდა, თუ რას მეუბნებოდა ავტომოპასუხე ტელეფონის ყურმილში.

მე მას შევთავაზე, რომ თავად ეცადა, რაზეც მივიღე პასუხი, რომ მას არ ჰქონდა ტელეფონთან ახლოს მოსვლის უფლება. ამის შემდეგ დავრეკე სახალხო დამცველის ოფისში და დავაფიქსირე საკვების არ მოწოდებისა  და ასევე, გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომრის შეზღუდვის ფაქტები. დავბრუნდი საკანში და ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტით მოვამზადეთ საკვები. დაახლოებით, საღამოს 7 საათზე, საკნის სარკმელი გააღო საკვების დამტარებელმა და შემოგვთავაზა სამხარი. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რა მიზეზით არ მოგვეწოდა საკვები შუადღეს, როცა ყველა საკანს მიეწოდა. მისი პასუხი იყო, რომ - რას ჰქვია, არ მოგეწოდათ, მე შუადღეს მოვედი, საკვები შემოგთავაზეთ, მაგრამ თქვენ თავად თქვით უარიო, რაზეც გაგვეღიმა. პასუხად, საკვების დამტარებელმა შეგვაგინა და სარკმელი მოხურა. ამის შემდეგ, ამ ფაქტის დასაფიქსირებლად, ბადრაგ ჯონი საბაშვილს ვთხოვეთ, რომ მოსულიყო "კორპუსნოი" პაპუნა. დაახლოებით ნახევარ საათში, მობრუნდა და საკნის კარი გააღო ბადრაგმა ჯონი საბაშვილმა. მას თან ახლდა ჩვენთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც მკითხა - გისმენთ, რა გინდათო?! მე მას ვინაობა ვკითხე, რაზეც მიპასუხა, რომ იყო ციხის თანამშრომელი. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ გვინდოდა "კორპუსნოი" პაპუნასთან შეხვედრა და არა ჩვენთვის უცნობ ბადრაგთან, რაზეც, ჯონი საბაშვილმა გვიპასუხა, რომ პაპუნას ეხლა არ ეცალა და მერე მოვიდოდა. პაპუნა არ გამოჩენილა. გათენდა კვირა დღე. მოვიდა ბადრაგის ახალი ცვლა და, ასევე, ახალი "კორპუსნოი", ვინმე გიორგი, რომელიც დილიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა. მალევე, მან მოიტანა საწერი კალმით შედგენილი ოქმი, სადაც ეწერა, რომ, თითქოს, შაბათს დღის საკვებზე თავადვე ვთქვით უარი. რა თქმა უნდა, ვუთხარით, რომ ამ ოქმს ხელს არ მოვაწერდით, რადგან ეს არ იყო სიმართლე. ამაზე მან აგრესიულად გვიპასუხა, რომ რა იყო აქ სიმართლე, თავად წყვეტდა. ჩვენ ოქმზე ხელი არ მოვაწერეთ. ამ ფაქტის შემდეგ, მივხვდით რა, რომ მათ დაგეგმილი ჰქონდათ პროვოკაცია, კვირას, 26 ოქტომბერს, თავად გამოვაცხადეთ უარი ციხის საკვების აღებაზე და განვუმარტეთ, რომ ამას ვაკეთებდით პროტესტის ნიშნად და გამოვიყენებდით მხოლოდ ჩვენს მიერ შეძენილ საკვებს. დაახლოებით 13:00-დან 14:00 საათამდე გაიღო საკნის სარკმელი და იგივე საკვების დამტარებელმა შემოგვთავაზა სადილის აღება, რაზეც ჩვენგან მიიღო უარი და სიტყვიერი განცხადება, რომ არავის დასაცინები ჩვენ არ ვართ. ამის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, საკანში შემოვარდა "კორპუსნოი" გიორგი, რომელმაც კრიმინალური, ქუჩური ლექსიკით დაგვიწყო ყვირილი, საქმის გარჩევა და მუქარა. მისი ფრაზები იყო შემდეგი: "თქვენ რა გაბლატავებთ, ბიჭო", "რა დღეში ხართ ეს აქციონერები, ბიჭო", "თავს გაუფრთხილდი და ადმინისტრაციას ნუ ახსენებ, ბიჭო". ამაზე მე მას ვუთხარი, რომ მოემართა სახელით და არა "ბიჭოთი". რადგან ჩემთვის ამ ტიპის ქუჩური ლექსიკა მისგან იყო მიუღებელი. შემდეგ ვკითხე გვარი, რაზეც მიპასუხა, რომ მის გვარს და თავს "დამამახსოვრებდა ბიჭო". აქვე განაცხადა, რომ, თითქოს, ჩვენ ვაგინეთ საკვების დამტარებელს და ამის გამო დავისჯებოდით. ამ ფაქტიდან, დაახლოებით 15 - 20 წუთში, პრიტესტის ნიშნად, მე - გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი და ანრი კვარაცხელია გადავედით სრულ შიმშილობაზე, ასევე, მოვითხოვე დარეკვა სახალხო დამცველთან და საქმის კურსში ჩავაყენე მისი ოფისი. დაახლოებით 20:30-ზე, საკნის სარკმელი გააღო ბადრაგმა და მითხრა, რომ ციხის ადმინისტრაციამ, იმის გამო, რომ საკვების დამტარებლისთვის შეგიგინებიათ, დამატებითი სასჯელის სახით, 30 დღით აგიკრძალა ტელეფონით სარგებლობაო.

მინდა მივმართო ამ ქვეყნის იურისტებს, უფლებადამცველებს და, ზოგადად, ხალხს - რა ჰქვია ჩემს მიერ აღწერილ ორ დღეს და არის თუ არა ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა დახურულ საკანში მყოფი პატიმრებისთვის?!

მივმართავ ე.წ. მინისტრს - პაატა სალიას: თითქმის ერთი თვეა, ინფორმირებული ხარ, თუ რას სჩადის გლდანის მე-8 დაწესებულებაში სტაჟიანი ჯალათი რამაზ ფირცხალავა. შენ ნამდვილად არ უნდა გავიწყდებოდეს ციხის ისტორია და, ამიხსენი, როგორ ხდება, რომ გლდანის ციხის დირექტორად ნიშნავ კაცს, რომელიც მაშინდელი გლდანის ციხის ერთ-ერთი შემოქმედია?! მეტიც, ერთი თვეა, რაც სამინისტროს გენინსპექციას ვთხოვთ რეაგირებას, მაგრამ რეალობად რჩება ის, რომ იუსტიციის მინისტრად წოდებული კაცი ვერ აჩერებს ციხის მოძალადე დირექტორს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩემი ღრმა ვარაუდით, შენ წარმოადგენ ფიქტიურ მინისტრს და არავინ გიშვებს მართვის სადავეებთან.

სხვანაირად ეს ვერ აიხსნება. მაგრამ, გახსოვდეს, როდესაც პასუხისგების დრო დადგება, ფრაზა, რომ "მე არავინ არაფერს მეკითხებოდა" , ვერ გამოდგება შენს ინდულგენციად.

ასევე, მივმართავ სახალხო დამცველს - ლევან იოსელიანს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ გემადლიერება, ჩემი მხრიდან უნამუსობა იქნება, არ აღვნიშნო, რომ თითქმის ყოველ მომართვაზე, შენი უწყება რეაგირებს. სამწუხაროდ, ძალზე ნელა და, უმეტეს შემთხვევაში, უშედეგოდ. თუ არ ვცდები, პარასკევს, დიანა ტრაპაიძის ეთერში გიყურე. შესამჩნევი იყო შენი ზიზღი და ემოციურობა, როდესაც საუბრობდი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი წამების ფაქტებზე. ახლა გეუბნები, რომ შენს თვალწინ ყალიბდება "გლდანის ციხე - 2". მაინტერესებს, დაურეკეთ თუ არა პაატა სალიას ისეთივე აღშფოთებულმა, როგორც ეს მოხდა პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში, როდესაც სამი პოლიტპატიმარი გატყობინებდათ, რომ მათ დახურულ საკანში არ აწვდიდნენ საკვებს და ქუჩურად ურჩევდნენ საქმეს ციხის თანამშრომლები?!

მეორე დღეა, ვშიმშილობთ სამი პოლიტპატიმარი. ეს შიმშილობა არ შეწყდება მანამდე, სანამ გაგრძელდება ტყუილზე აგებული, დაუმსახურებელი შეზღუდვები სატელეფონო საუბრებზე; სანამ არ შეიცვლებიან რეპრესიების გამტარებელი ე.წ. "კორპუსნოები" და მათთან გარიგებული ბადრაგები. ნებისმიერი რეპრესიული პოლიტიკის ახალი გამოვლინებისთანავე, ჩვენ სრული შიმშილობიდან გადავალთ მშრალ შიმშილობაზე და ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებელნი იქნებიან პაატა სალია, ჯალათი რამაზ ფირცხალავა და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი"- წერს ჩიკვაიძე. 

პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ "გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია".

  • პენიტენციური გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც - გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს.

პენიტენციური აცხადებს, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს ციხის თანამშრომლებმა 25 და 26 ოქტომბერს საუზმით სახით კანონით დადგენილი ულუფა შესთავაზეს, რაზეც მსჯავრდადებულებმა უარი განაცხადეს და საკანში მხოლოდ პური დაიტოვეს.

მსგავსი სიახლეები