პაპუაშვილი 20 წლის სამოქალაქო აქტივისტს, პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს "დადასტურებულ ტერორისტს" უწოდებს
შალვა პაპუაშვილმა 20 წლის ზვიად ცეცხლაძეს „სასამართლოს მიერ დადასტურებული ტერორისტი“ უწოდა, თუმცა არსებული განაჩენით ასეთი სამართლებრივი კვალიფიკაცია არ დგას.
"ნეტგაზეთის" მიხედვით, პაპუაშვილმა ეს განცხადება ევროკავშირის ელჩთან მიმოწერის თემაზე საუბრისას გააჟღერა და აღნიშნა, თითქოს სასამართლომ დაადგინა, რომ ცეცხლაძე ძალადობის ორგანიზატორი იყო, რასაც მისი თქმით, „საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ტერორიზმი ჰქვია“.
22 ოქტომბერს, პაპუაშვილმა ფეისბუქზე უკვე მოიხსენია ცეცხლაძე ტერორისტად ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართ გავრცელებული კრიტიკის კონტექსტში. ელჩმა მანამდე ცეცხლაძეს საპასუხო წერილით მიმართა: ახალგაზრდა აქტივისტმა მას სთხოვა, ევროპელ ლიდერებს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის მხარი არ დაეჭირათ.
შეგახსენებთ, რომ ძალადობის ორგანიზების ბრალდება, რომელსაც პროკურატურა ცეცხლაძეს ედავებოდა, სასამართლოში ვერ დამტკიცდა. 9 თვიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საქმეში ბრალდება გადააკვალიფიცირა და მსჯავრდებულს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი დაუდგინა, რომელიც გულისხმობს „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“.
მოსამართლეს განაჩენში „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“ აღწერილია როგორც საჯარო ლანძღვა-გინება, საგნების სროლა, ბარიკადების მოწყობა სპეცრაზმისგან დასაცავად და სხვ. ამის საფუძველზე ცეცხლაძეს 2.5 წლით თავისუფლება შეეზღუდა.
ცეცხლაძის ადვოკატების თქმით, მის წინააღმდეგ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება დანაშაულს არ ადასტურებს. ისინი მოსამართლის განაჩენს დაუსაბუთებელს უწოდებენ და საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.