საეჭვო არაბული ინვესტიცია - ეკონომისტები საფრთხეებზე საუბრობენ
პროექტი, რომელიც არაბებმა უნდა განახორციელონ, მართლაც მასშტაბური ჩანს, მაგრამ რამდენად რეალურია საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის შემოტანა?! "ოცნება" ტყუის. როგორც ამტკიცებენ, ქვეყანაში ბურჯ ხალიფას მშენებელი ემაარ ფონდი კი არა, მხოლოდ ამ ფონდის თითქმის 5 პროცენტიანი წილის მფლობელის სულ სხვა კომპანია შემოდის. იგლ ჰილსმა წესით თბილისსა და გონიოში მინი-ქალაქები უნდა აშენოს და ამაში 6 მლრდ-ზე მეტი ჩადოს. რა ინტერესი აქვთ თავად?! ქართული მხარე მხოლოდ მესამედი წილის სანაცვლოდ 800 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას ჩადებს.
გონიოში, ზღვის პირას 250 ჰექტარი და თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე 600 ჰექტარი მიწა - მინიმალური ფასიც რომ დავთვალოთ, ეს მილიარდ დოლარს აღემატება. არაბული კომპანია კი წილს არქიტექტურული პროექტის სანაცვლოდ იღებს. საკითხავია, რა პირობებზე შეუთანხმდა ივანიშვილის გუნდი არაბ ბიზნესმენს. ქვეყანაში, სადაც ინვესტიციები თითქმის განულებულია, სულ უფრო უცნაურია, ერთმა ინვესტორმა რამდენიმე მილიარდი გაიღოს.
გონიოსა და კრწანისში მშენებლობის დაანონებსამდე 1 თვით ადრე საქართველოში ჩამოსულ ემირატების პრეზიდენტს პირადად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი. ეს დიდი გამონაკლისი იყო. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ პროექტში მისი როლი ივანიშვილსაც ექნება და შეხვედრა ტყუილად არ შემდგარა.
პროექტის მიხედვით, კრწანისში - 600 ჰექტარზე საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. სწორედ ამ ტერიტორიაზეა კრწანისის ტყე-პარკი, რომელიც ამ დრომდე ხელშეუხებელი იყო. დაცული ტერიტორიის სტატუსის არარსებობის გამო, აქ მშენებლობა შესაძლებელია, მაგრამ ასობით ჰექტრის სამშენებლო პოლიგონად გადაქცევა დედაქალაქის ეკოლოგიისთვის მძიმე შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში
[ფოტო: არქივიდან]