გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია - GDI

22.10.21 18:32
გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია - GDI

გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია -  არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", თბილისი პრაიდის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის, საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს და განცხადებას ავრცელებს.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ქმნის მომავალში აქტივისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკის გატარების საშიშ პრეცედენტს. მეტიც, იმ ფონზე, როდესაც 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, დაზარალებულთა სანქცირება საზოგადოებაში აგზავნის მესიჯს, რომ სახელმწიფო არა დაზარალებულების, არამედ სწორედ მოძალადეების მხარესაა, შესაბამისად ამით სახელმწიფო ახალისებს ძალადობას.. - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს გიორგი თაბაგარსა და პოლიციელს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, რა დროსაც პოლიციელი გიორგი თაბაგარს ძალადობის ეპიცენტრში, თბილისი პრაიდის ოფისში, მისვლას თხოვდა. აღნიშნულ საუბართან დაკავშირებით შსს გიორგი თაბაგარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრებას ითხოვდა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ. სასამართლომ გიორგი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

გიორგი თაბაგარის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია GDI იცავს. 

 

მსგავსი სიახლეები