როგორ გავრცელდა სააკაშვილის ვიდეო მედიაში - საქართველოს პროკურატურის განცხადება

22.10.21 19:05
როგორ გავრცელდა სააკაშვილის ვიდეო მედიაში  - საქართველოს პროკურატურის განცხადება

სამთავრობო არხებზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გავრცელების შესახებ საქართველოს პროკურატურა განმარტებას აკეთებს და განცხადებას ავრცელებს. შოთაძის უწყების ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს გადმოცემული ჰქონდა საქმის მასალები, რომელსაც თან ერთვოდა როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე სხვა ნივთმტკიცებები. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, 21 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც.-ს და გ.ნ-ს ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას.

ასევე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სხვა ვიდეო ჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა.

მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯება ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას.

აქვე, დავძენთ, რომ ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორ აღმოჩნდა სამთავრობო მედიის ხელში ვიდეოკადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მობილურ ტელეფონში ინახებოდა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა პროკურატურისგან განმარტებება მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული კადრები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.  

მსგავსი სიახლეები