13 წლის თავზე ნულოვანი ტოლერანტობიდან ნულოვან თანაგრძნობამდე მიხვედით - გახარიას გუნდის პასუხი "ოცნებას"
13 წლის თავზე ნულოვანი ტოლერანტობიდან მივედით ნულოვან თანაგრძნობამდე, - ამ სიტყვებით მიმართა გახარიას გუნდის წევრმა პარლამენტის სხდომაზე "ოცნების" წარმომადგენლებს.
ტატა ხვედელიანმა ყურადღება პროტესტის მონაწილეების დაკავებაზე გაამახვილა და ივანიშვილის გუნდის ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა. მისი თქმით, ადამიანების განსხვავებული აზრისთვის ისჯებიან, ხოლო ქვეყნი მძარცველები თავისუფლებაზე არიან.
ხვედელიანმა "ოცნებას" უთხრა, რომ ქვეყანაში პროტესტი არსებობს და ვინც ამას არ აღიარებს, საკუთარ თავს ატყუებს.
დღეს მინდა, ვისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, აზრის გამოხატვისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლისთვის უკანონოდ არიან დაკავებულები.
ოცნების მმართველობის მე-13 წელს ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება: თუ ქვეყანას გაძარცვავ, და შემდეგ ცოტას გადაიხდი, არ დაგიჭერენ, მაგრამ თუ პროტესტი გაქვს უსამართლობის მიმართ და ამას გამოხატავ, შეიძლება დაგიჭირონ და გარეთ არავინ გამოგიშვებს
დღეს ასეთი 150 ადამიანი გვყავს ციხეში, რომელიც უსამართლობისთვის პროტესტის გამოხატვის გამო ისჯება, მათ შორის არიან ქალები და უმეტესწილად ახალგაზრდები.
2012 წელს ადამიანის მთავარ ღირებულებად გამოცხადების დაპირებით მოსული ხელისუფლება, მმართველობის 13-ე წელს ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს აგენტებს ეძახის.
ზუსტად ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა თავისი მმართველობის პირობებში, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ნაცები რუსეთის აგენტებს ეძახდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ოცნებისთვის კი დღევანდელ აგენტებს ევროპული წარმომავლობა აქვთ.
ჩვენს საზოგადოებაში პროტესტი არსებობს და ამ პროტესტს უამრავი მიზეზი აქვს, ვინც ამას არ აღიარებს, უბრალოდ საკუთარ თავს იტყუებს.
უახლოეს წარსულში ჩევნ გვინახავს ქუჩაში ასი ათასობით გამოსული ადამიანი, ჩვენს ქვეყანაში 700 000 ადამიანი სოციალურად დაუცველია, ვიცით, რომ ბოლო 3 წელიწადში ქვეყანა 200 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. განა ეს პროტესტი არ არის?
ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში უსამართლობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ამ ქვეყნის გაურკვეველ მომავალს აპროტესტებენ, ეს ადამიანები დაიჭირეთ და შემდეგ თქვენ თვითონვე აღიარეთ, რომ ქვეყანაში მაღალჩინოსნები, ხალხის ბიუჯეტით იკვებებიან. ანუ აღიარეთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მოპარული მილიონებით თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებოდნენ და ეს ფული ჩვეულებრივ მოქალაქეებს აკლდებოდათ.
ამ დროს კი დააკავეთ ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომლებიც ზუსტად ამ უსამართლობას აპროტესტებენ.
აქციაზე მოსული ადამიანები ჯერ სცემეს, ძვლებში დალეწეს, ქალებზე ხელის დარტყმა ნორმად აქციეს შემდეგ ამ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისთვის 5000 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, სპეცრაზმით სახლებში შეუვარდნენ, პირბადის გაკეთების გამო დაიჭირეს და ამ ყველაფრის ფონზე ამბობთ, რომ პროტესტი ქვეყანაში არ არსებობს?
დღეს, როცა ორი რადიკალური ძალისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობამ ჩვენი ქვეყანა ზიზღის და დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, ყველაზე მეტად გვჭირდება გონიერი, თანმიმდევრული და სამართლიანობის პოლიტიკის დაბრუნება ყველა დონეზე, რომ დავაბრუნოთ სიმშვიდე და ევროპული მომავალი ქვეყანაში.
13 წლის თავზე ნულოვანი ტოლერანტობიდან ასე მივედით ნულოვან თანაგრძნობამდე.
გაათავისუფლეთ დატყვებული ადამიანები. ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, თუ კი თქვენთვითონვე აღიარებთ, რომ წლების განმავლობაში ოცნების მაღალჩინოსნები მილიონებს იპარავდნენ ბიუჯეტიდან, ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანების ციხეში ყოფნა.
ნუ დევნით ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო და დაფიქრდით, მომავალში კიდევ რამდენი მსგავსი რამის აღიარება მოგიწევთ, - თქვა ხვედელიანმა სხდომაზე.
ვიკა ფილფანმა "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" დახმარებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი მმართველობის 13 წლის თავზე ამომრჩევლებს ისევ ენმ-თი აშანტაჟებს, თავად კი მათ ფეიკ-რევოლუციის მოწყობაში ეხმარება.
თქვენ ნაცებს კი არ ასრულებთ, ნაცებით აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, - უთხრა ფილფანმა ივანიშვილის გუნდის დეპუტატებს.
ოქტომბერში 13 წელი შესრულდა თარიღიდან, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ამ 13 წლის განმავლობაში ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან რომელიც არც შესრულდა და არც შეიცვალა“ნაცების დასრულებაა”
ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს ქვეყანაში არსებულ ყველა სოციალურ პრობლემაზე ქართული ოცნება პასუხისმგებლობას ისევ ნაცებზე საუბრით ირიდებს.
ქართული ოცნება ახორციელებს ფსიქოლოგიურ შანტაჟს საქართველოს მოქალაქეებზე, თავად აძლიერებს და კვებავს ნაციონალურ მოძრაობას რათა შემდეგ ამით დააშინოს ამომრჩეველი.
თავად “ოცნება” დაეხმარა ნაცებს ფეიკ-რევოლუციის ორგანიზებაში, არჩევნებამდე თვეებით ადრე უთმობდნენ ეთერებს მათივე პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ზე, უძღვნიდნენ სიუჟეტებს მათივე პროპაგანდისტულ იმედზე და აშინებდნენ მათივე ამომრჩეველს, უკვე ანეგდოტად ქცეული ფრაზით - “ნაცები ბრუნდებიან”. ნაცების ანეგდოტური პერსონაჟების ჩართულობით.
ორბელიანების სასახლესთან დაპირისპირებამდე თვეებით ადრე საუბრობდნენ აქციის ორგანიზატორი ნაცები იმაზე, რომ აპირებდნენ ხელისუფლების დამხობას, რევოლუციას, 4-ში დაწყებას და 4-ში დასრულებას მაგრამ არც ერთი მათგანი გამოკითხვაზეც კი არ დაგიბარებიათ.
თქვენივე პროპაგანდისტულმა იმედმა გაავრცელა ახალია-ბურჭულაძის ჩანაწერი, სადაც უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი - თუ ეს ჩანაწერი ნამდვილია, რატომ არ არის აქამდე დაკავებული ბაჩო ახალაია? თუ არ არის ნამდვილი რატომ არ აგებს პასუხს იმედის ტელევიზია ტყუილის გავრცელების გამო?!
ამავ წელს შექმნით ნაცების “გასასამართლებელი კომისია”, რომელზეც 2-ჯერ დაიბარეთ გიორგი გახარია და არც ერთხელ მერაბიშვილი, სააკაშვილი და რეჟიმის სხვა შემქნელები. რატომ არ შექმენით ეს კომისია 2014 წელს? ან 2021 წელს? ამავე კომისიაზე დაყრდნობით ჩორჩანაზე ვიცით რომ დაიწყეთ გამოძიება, ნაცურ საქმეებზე დაიწყეთ თუ არა დღემდე არ ვიცით.
1 წლის წინ თქვენს მიერ ნაქებ პრემიერს, რომელსაც მართმადიდებლობისთვისაც უხდიდით მადლობას, თითქმის მთელი ოფიციალური ქონება ჩამოართვით მაგრამ კეზერაშვილის ქოლცენტრებით ნაშოვნ ფულს არ შეხებიხართ, ამაზე გამოძიებაც კი არ დაგიწყიათ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად.
ახლა აპირებთ ნაცების აკრძალვას, კოლექტიურ ნაცებად მოიხსენიებთ მათაც, ვინც ნაცებისგან იდევნებოდა თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები ვინც 2016 წელსაც ნაცების შემომწირველი იყო ან მათი მაჟორიტარობის კანდიდატი.
ვისი სასამართლოთი აპირებთ ნაცების აკრძალვას, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის? ვის გადაუგზავნეთ აკრძალვის სარჩელი, ნაცების მოსამართლე ჩინჩალაძეს?
ესაა თქვენი 13 წლიანი “ნაცებთან ბრძოლის” ანატომია. თქვენ ნაცებს კი არ ასრულებთ, ნაცებით აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, იქამდე სანამ მათი მტრის ხატი იმუშავებს.
არ გაქვთ უფლება მმართვეობის მე-13 წელს ადამაინები აცხოვროთ გაჭირვებაში, უსამართლობაში და ძალადობაში. ქართველმა ხალხმა ნაცებს ერთხელ უკვე უთხრა მკაფიო არა და უკეთესი მომავლის იმედით შეცვალა ხელისუფლება, ამ ადამიანების დიდი ნაწილი კი ახლა სრულ იმედგაცრუებაშია რადგან ცალსახაა რომ ერთი ძალადობრივი რეჟიმი ჩანაცვლდა მეორეთი. 12 წელს რომ დაგემთავრებინად ნაცები ამის ნაცვლად ნაცებთან ხართ მოჩვენებით ბრძოლაში და ხალხი მიტოვებული გყავთ.
ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ ეს სიყალბე უპასუხო არ უნდა დარჩეს.
აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა ტყუილში გამხილოთ!
სიმართლე რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის პარლამენტში უნდა ისმოდეს, - თქვა ვიკა ფილფანმა.