დემარში ძალოვან უწყებებში - შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
დემარში ძალოვან უწყებებში. თანამდებობიდან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე წავიდა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ჭაბუკ რაფავას გომელაურის უწყებაში ოპერატიულ -ტექნიკური სამსახური ებარა, ანუ ის იყო მოსმენებსა და თვალთვალზე პასუხისმგებელი ადამიანი.
შინაგან საქამეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ რაფავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა უარი განაცხადა უკანონო პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, რასაც მას არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მაღალჩინოსნები აძლევდნენ.
,,ტვ პირველმა" ინფორმაციის გადამოწმება რაფავას სახლში სცადა, თუმცა, მეზობლების ინფორმაციით, დღეს პოლიციის უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი საცხოვრებელ მისამართზე არ გამოჩენილა და ის მხოლოდ გუშინ ნახეს, როცა ავტომობილში პირად ნივთებს ალაგებდა.