„ტრამპის მარშრუტში” საქართველო გზაჯვარედინზე დგას - სენატორი დეინსი

29.10.25 10:25
„ტრამპის მარშრუტში” საქართველო გზაჯვარედინზე დგას - სენატორი დეინსი

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი მიიჩნევს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა “შეიძლება ხვალვე დასრულდეს”, თუ თბილისი გადაწყვეტს ურთიერთობების გადატვირთვას ვაშინგტონთან.

სენატორის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურა ყალიბდება, სადაც საქართველო “სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით მიდის”. დეინსმა “ჰადსონის ინსტიტუტში” გამართულ დისკუსიაზე აღნიშნა, რომ თბილისს აქვს შანსი შეუერთდეს ამერიკის მხარდაჭერილ ახალ რეგიონულ პარტნიორობას, რომელიც ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე აირჩიეს თანამშრომლობა აშშ-სთან, ხოლო საქართველოს “უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა”. სენატორის შეფასებით, თბილისი თამაშობს სტრატეგიულ როლს, როგორც კავკასიის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვასთან გასასვლელით.

დეინსმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობისთვის უკეთესი მომავალი, თუმცა “ბოლო პერიოდში თბილისში ნეგატიური პროცესები შეინიშნება”.

სენატორმა ეს განცხადება გააკეთა იმ ფონზე, როცა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. 2024 წელს აშშ-მ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი, შეამცირა ფინანსური დახმარება და სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს.

დეინსის თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გახდეს რეგიონის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილი - “ტრამპის მარშრუტის” პროექტში ჩართვით, რომელიც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის გარეშე.

მსგავსი სიახლეები