Reuters: საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება და რუსეთთან კავშირებს ამყარებს
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ერთ დროს საბჭოთა კავშირის ყველაზე დემოკრატიულ და პროდასავლურ ქვეყნად მიჩნეული საქართველო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ავტორიტარიზმისკენ იხრება და თანდათან აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან.
სტატიის მიხედვით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი ციხეშია, ხოლო პოლიცია ამკაცრებს ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა დაკავებებს, რომლებიც უკვე ერთი წელზე მეტია ტარდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დააანონსა ივანიშვილის პარტიის განზრახვა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს სამი ოპოზიციური პარტიის - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნით. Reuters-ის შეფასებით, ეს ავტორიტარული ტენდენციის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.
სტატიის თანახმად, აღნიშნული პარტიები მკვეთრად პროდასავლურ ორიენტაციას ატარებენ, მაშინ, როცა პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურას ამარტივებს.
Reuters წერს, რომ მმართველმა პარტიამ გაყინა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ბლოკი თბილისში რევოლუციის დაგეგმვაში დაადანაშაულა, რასაც ევროკავშირი უარყოფს.