"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - კიდევ ვის უმზადებენ საბრალდებო სკამს?
მოქმედი მინისტრის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, მისი წინამორბედის დაკავების საფუძველი გახდეს. რეზი სოხაძემ ირაკლი ქარსელაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მხილების სერია მოუწყო. 1 საათის განმავლობაში, სოხაძემ დეტალურად ამხილა სისტემა, რომელიც ღარიბაშვილ-ქარსელაძეს წლების განმავლობაში ჰქონდათ შექმნილი.
სუსსა და პროკურატურაში უკვე დევს სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა, სადაც სავარაუდო კორუფციული ნიშნებია დაფიქსირებული. მდინარაძის უწყებას დღეს სოხაძის აღიარებითი ჩვენებაც დაემატა. ამბობს, რომ სამინისტროში ავანსები ყოველგვარი გარანტიების გარეშე, გადაჭარბებით გაიცემოდა. იყო სიტყვიერი შეთანხმების პრაქტიკა და კომპანიები ბიუჯეტის ფულს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.
ღარიბაშვილის მინისტრებზე ნადირობა გრძელდება, არადა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ირაკლი ქარსელაძე "შაბათის ეთერს" არწმუნებდა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
ახლა მთავარი კითხვაა, კიდევ რომელი მინისტრის საქმიანობა დასრულდება ციხის კართან - ღარიბაშვილს მთავრობა ძირითადად მისი მეგობრებით ჰყავდა დაკომპლექტებული. ასეთები არიან - ჯუანშერ ბურჭულაძე, ზურაბ აზარაშვილი, ირაკლი ქარსელაძე და რატი ბრეგაძე - ოთხივემ კობახიძის გაპრემიერებისთანავე თანამდებობა დატოვა. მათ ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე სამინისტროები ებარათ. ჯუანშერ ბურჭულაძე უმძიმესი ბრალით უკვე ციხეშია - ახლა მთავარია ვინ იქნება შემდეგი?