ომბუდსმენი: აუცილებელია დროულად დადგინდეს მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს

30.10.25 11:48
ომბუდსმენი: აუცილებელია დროულად დადგინდეს მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს

სახალხო დამცველი 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. 

ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო.

ლევან იოსელიანის თქმით, აუცილებელია დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს.

„სახალხო დამცველი ეხმიანება 2025 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას მომხდარ ფაქტს, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის გამო, მიზანმიმართული, რეალური საფრთხე შეექმნა შეკრების მონაწილეებს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო. ამასთან, აუცილებელია დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ უწყებასთან. ხოლო სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოხატავენ პროტესტს. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან. მოცემულ ეტაპზე, წარმოება გრძელდება“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ და ქუჩა გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა მძღოლი რომელიც სკოლის მოსწავლეებს მანქანის შეჯახების საფრთხეს უქმნიდა, საბოლოდ კი პოლიციის მაღალჩინოსანს, ლაშა სალუქვაძეს დაეჯახა.

სიტუაცია დადიანის ქუჩაზე გუშინ ღამე დაიძაბა, მას შემდეგ რაც სკოლის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად გზა გადაკეტეს და სკოლის აშენებას ითხოვდნენ.

ვიდეო  მასალაში ჩანს, რომ შავი ავტომობილი აქციის მონაწილეებთან,  სწორედ იწყებს სახიფათო  მანევრების შესრულებას, ხალხის  პანიკაში  ჩაგდებას ცდილობს და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ირკვევა, რომ დაზიანდა ადგილზე მდგარი ერთ-ერთი მშობლის ავტომობილიც.

მსგავსი სიახლეები