არქიმანდრიტი დოროთე: ამიერიდან, ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის პროსპექტი

30.10.25 13:04
არქიმანდრიტი დოროთე: ამიერიდან, ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის პროსპექტი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქომ ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა, ამბობს, რომ ამიერიდან მისი "ამბიონი რუსთაველის გამზირი იქნება". 

მისი თქმით, მას გუშინ ამბიონი წაართვეს: 

ყოველ ხუთშაბათს, პირველ საათზე , წმ სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ ამბიონი წამართვეს და ხალხს ვერ ვხვდები ტაძარში . ამიერიდან, ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის პროსპექტი.
გელოდებით ყველას დღეს 8 საათიდან.
ყოველდღე- ბო ლო მდე"- წერს არქიმანდრიტი. 

საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

დღეს, დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. 

კომისია პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდა, რომ არქიმანდრიტი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.

განჩინებაში ნათქვამია, რომ "სასჯელი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო" დაეკისრა.

კომისიის წევრებმა ასევე არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს სასულიერო პირის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც განჩინებაში თავი მოუყარეს. 

 

მსგავსი სიახლეები