"ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა

30.10.25 13:42
"ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა

 

 

"ქართული ოცნების" სარჩელი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ოფიციალურად შევიდა - დღეს ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომ სარჩელი ბათუმში გაგზავნილია და ის სავარაუდოდ, უკვე დარეგისტრირებულიც. 

ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელი ფიზიკურად უნდა იყოს შეტანილი სასამართლოში, რომ ის დარეგისტრირდეს,ჩვენი წარმომადენელი დღეს დილით გაემგზავრა და მე ვვარაუდობ, რომ უკვე შესული და დარეგისტრირებულია“ - თქვა პაპუაშვილმა.

დღეს "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რატომ არ მოხვდა "ოცნების" სარჩელში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ - პაპუაშილმა პირდაპირ თქვა, რომ გახარიას გუნდმა პარლამენტში შესვლით უშველა თავს.

"პირველების" კითხვაზე პასუხად, სხვა პარტიები რომ შესულიყვნენ პარლამენტში, ისინიც გადაირჩენენ თავს თუ არა - შალვა პაპუაშვილი ირწმუნებოდა, რომ სამივე პარტიის მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები.

„სხვა ვერავინ შემოვიდოდა. საქმეც ის არის, რომ ამ პარტიებმა ამითაც საკუთარი რადიკალიზმი და ანტიკონსტიტუციურობა უფრო მეტად დაადასტურეს. მათ ის „ხიდებიც დაწვეს“, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა, პარლამენტში შემოსულიყვნენ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოს“ მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები. შეიძლება ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყვნენ, მაგრამ რას უზამს „ნაციონალური მოძრაობა“ წამების სისტემას, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა. რას უზამენ ტელევიზიების, ბიზნესის მიტაცებას?"- განაცხადა პაპუაშილმა. 

"ქართული ოცნების" სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:

  • "ნაციონალური მოძრაობა"
  • კოალიცია "ცვლილებისთვის"
  • "ლელო - ძლიერი საქართველო"

 

მსგავსი სიახლეები