გორის საკრებულოს თავმჯდომარედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა

30.10.25 14:11
გორის საკრებულოს თავმჯდომარედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს. მისი პირველი მოადგილე თამარ მურალოვა, მოადგილეები კობა ბერიანიძემ და ზურაბ ყაულაშვილმა იქნებიან.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო  ,,ძლიერი საქართველო - ლელოს" წარმომადგენელმა.

,,საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღე. მახსენდება კომუნისტური პარტია, ერთპარტიულობა. „ძლიერი საქართველო - ლელო" აპირებს ამ ერთპარტიულობაში ბრძოლის ფრონტის გახსნას. მით უმეტეს, თადარიგის მაიორი ვარ და ბრძოლის ხერხები კარგად ვიცი. ჩვენ ამომრჩეველთან მაქვს სიტყვა დადებული, მათი ინტერესები შესრულდეს, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდები, პროექტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, საკრებულოს სხდომებზე განსახილველად დავაყენო", - განაცხადა შარვაშიძემ.

  • გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 40 წევრით დაკომპლექტდა, საიდანაც 38 წევრი მმართველი გუნდის წარმომადგენელია.  თითო წევრი ჰყავს ოპოზიციურ პარტიებს - „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

რაც შეეხება ფოთს,  საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. 

თავმჯდომარის მოადგილეებად „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრები მაია დოლბაია, სანდრო ქუშაშვილი და ზურაბ ბერაია აირჩიეს. მათ 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა.

„დღეს შედგა მე-8 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. „ქართულმა ოცნებამ“ ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფოთშიც დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა, აბსოლუტური უმრავლესობით ვართ წარმოდგენილი ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. დღეს არჩეულ იქნენ თანამდებობის პირები, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ასევე სხვა პოზიციებზე ადამიანები, რომლებიც ქალაქის მერიასთან ერთად შემდეგი 4 წლის მანძილზე ბევრ სასიკეთო ცვლილებას განახორციელებენ ქალაქისთვის", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შალვა სარდალიშვილმა.

მსგავსი სიახლეები