ღარიბაშვილმა იმედები გამიცრუა, ოქრუაშვილის მსგავსად უნდა ჩართულიყო ბრძოლაში და ნაწილობრივ მაინც გამოესყიდა დანაშაული - კუკავა
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კახა კუკავა ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედები გაუცრუა, როდესაც "ოცნებასთან" გარიგებაზე წავიდა.
კუკავას თქმით, ეს ყოფილი პრემიერისთვის როგორც ფინანსურად იქნება წამგებიანი, ასევე მორალურადაც - "ეს პოლიტიკურად სიკვდილია".
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი თვლის, ღარიბაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად უნდა მოქცეულიყო, ჩართულიყო პოლიტიკურ ბრძოლაში და ამ ფორმით, ნაწილობრივ მაინც გამოესყიდა საკუთარი დანაშაული.
სამწუხაროდ, დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ გამიცრუა იმედები ღარიბაშვილმა, მე ვთქვი, რომ ის უნდა მოქცეულიყო როგორც ოქრუაშვილი, ჩართულიყო პოლიტიკურ ბრძოლაში, ნაწილობრივ მაინც გამოესყიდა თავისი დანაშაულს, მაგრამ ნუ წავიდა იმ ტიპის გარიგებაზე, რომელიც მისთვის ფინანსურადაც წამგებიანი იქნება, პოლიტიკურად სიკვდილია და მორალურადაც მისთვის და მისი ახლობლებისთვის ამაში ღირსეული არაფერი არაა", - განაცხადა კახა კუკავამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.