ივანიშვილი კობახიძემ დაარწმუნა, რომ ღარიბაშვილმა მას უღალატა - ეკა ბესელია
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძემ დაარწმუნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოღალატეა და "მას სადღაც უღალატა".
ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილს, სავარაუდოდ, საგარეო პარტნიორებთან "უღალატა".
ღარიბაშვილზე ვერ იტყვის, მას რატომ აღარ ენდობა, სინამდვილეში მიზეზი ხომ სხვა რამეა, სინამდვილეში, მე ვფიქრობ, რომ მაინც არის უნდობლობა. [ივანიშვილი] დაარწმუნა კობახიძემ, რომ ღარიბაშვილი მოღალატეა, სადღაც მას უღალატა. ეს ეჭვიანობები, რომელიც სხვადასხვა კონსპირაციებით ღრმავდება და აქვს, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს მიმღებლობა ასეთი კონსპირაციების.
[უღალატა] საგარეო პარტნიორებთან, აბა როგორ გადარჩა სანქციებს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, ნეტა რატომ გადარჩნენ? დაისმებოდა ასეთი კითხვა, რატომ მათ არ შეეხო? ვინმესთან ხომ არ ჰქონდათ შეხვედრები? - ეს არ არის მხოლოდ ვარაუდი, მე ცოტა მეტიც ვიცი, უბრალოდ ვერ ვისაუბრებ ღიად ამ ფაქტებზე, მაგრამ იქედან გამომდინარე რაც ვიცი, ლოგიკურად ეს არის... რეალური მიზეზი...
მისი ეჭვიანობები, უნდობლობა, სად უღალატა ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა, ქარსელაძე ალბათ უფრო სხვა თემაა, მაგრამ ღარიბაშვილის მიმართ მე მგონია, რომ ეს არის სწორედ ეს განწყობა, რომ გადაუხვია მის გზას და როგორ უნდა დაესაჯა სხვა ფორმით, კორუფციული ბრალდებით მისი დასჯა ალბათ იყო ყველაზე რელევანტური ფორმა," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო, რამდენიმე დღის წინ, შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.