ბათუმს უნდა ჰყავდეს კოალიციური მერია - გიორგი კირთაძე
"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი" - ამის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმს უნდა ჰყავდეს ნამდვილი კოალიციური მერია
ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ბათუმს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რეალურად პირველად, უნდა ჰყავდეს ნამდვილი კოალიციური მერია. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს არათუ სხვა შენობებში ან ქალაქებში, გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს არც მერის და არც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მივიღოთ ყველამ ერთად, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა ხდებოდეს ამ ქალაქის მართვა. ეს მთავარი იდეაა და ამოსავალი წერტილი, რასაც უნდა ემსახურებოდეს კოალიციური მერია და მრავალპარტიული უმრავლესობა საკრებულოში. მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც შევძელით და მჭიდრო კოორდინაცია ვაჩვენეთ არჩევნების წინ. ბევრი ამ იდეას უტოპიურად მიიჩნევდა, მაგრამ ეს შედგა. ამ ერთობის მჭიდრო კოორდინაციის შედეგია, რომ დღეს ქართული ოცნება ბათუმში გადასულია ოპოზიციაში. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ"- განაცხადა მერობსი კანდიდატმა.