კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში "კორუფციის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება"
კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება - დღეს "ოცნების" პრემიერი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და ამის დამადასტურებლად ის მთავრობის აქტები მოიშველია, რომელიც მისი თქმით ყველასთვის ხელმისაწვდომია.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ, მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას", – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, იგეგმება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვა, რომელიც „გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის“.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში და გვინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც, გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის.
ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, – თქვა კობახიძემ.