რას ამბობს კალაძე არაბულ კომპანიაზე, რომელიც საქართველოში შემოდის

31.10.25 17:45
რას ამბობს კალაძე არაბულ კომპანიაზე, რომელიც საქართველოში შემოდის

ძალიან მაგარია, რომ არაბული კომპანია EMAAR-ი შემოდის საქართველოში, ახორციელებს 6 მილიარდის ინვესტიციას, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, ხომ არ შეუქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოგრაფიულ ბალანსს საფრთხეს ის ფაქტი, რომ EMAAR ჯგუფის მიერ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის ფართი ძირითადად უცხოელებზე გაიყიდება.

კალაძის მტკიცებით, ამ პროექტში საშიში არაფერია, პირიქით, თბილისთან ახლოს განხორციელდება 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია  და ეს დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას.

ძალიან მაგარია, რომ აღნიშნული კომპანია შემოდის საქართველოში, ახორციელებს 6 მილიარდის ინვესტიციას. არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს კანონები, ქვეყანაში გვაქვს კონსტიტუცია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყოველთვის იქნება დაცული ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თვითონ ინვესტიციას რაც შეეხება, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია თბილისთან ახლოს განხორციელდება. პროექტს რაც შეეხება, უშუალოდ შინაარსობრივად, ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია, დასამალი აქ არაფერი არ არის, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა. EMAAR ჯგუფი 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის ერთი ნაწილი კრწანისის ტყე-პარკში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდება.

მსგავსი სიახლეები