„ოცნება“ „ევრონესტს“ ბოიკოტს უცხადებს
"ქართული ოცნება" "ევრონესტს" ბოიკოტს უცხადებს - შალვა პაპუაშვილმა დაანონსა, რომ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები აღარ მიიღებენ მონაწილეობას მომდევნო სხდომებშიც. მიზეზი ევრონესტის კრიტიკულ რეზოლუციაა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი აღმაშფოთებელს უწოდებს გზავნილებს ევროპელი პოლიტიკოსებისგან - არჩევნების გაყალბების და ოცნების ხელისუფლების თვით გამოცხადების შესახებ.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტი შანტაჟის იარაღად გადააქცია.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია. ტრადიციისამებრ, აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების, ასევე, მის წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის ხედვები.
საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „გაყალბებულად”, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი „თვითგამოცხადებულად” მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, „პოლიტიკურ პატიმრებს” უწოდებს, რითაც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს.
ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ.
საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში",- აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.
ერევანში გასულ კვირას გამართულმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, - რომელშიც არ მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, - რამდენიმე რეზოლუცია მიიღო.
მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ქვეყნებს ეხება, მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს. კერძოდ, რეზოლუცია:
- „გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე“;
- „გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არღვევდა დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, არ ცნობს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“;
- „კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი პროტესტების სასტიკ ჩახშობას, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ დარღვევებს“;
- „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი;
- კერძოდ, მოითხოვს სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას“.