ვის ეკუთვნის რეალურად ნუშის ბაღები - ჟურნალისტური გამოძიება

01.11.25 20:51
ვის ეკუთვნის რეალურად ნუშის ბაღები - ჟურნალისტური გამოძიება

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შაუმიანის მცხოვრებლების ინფორმაციით, ნუშის ბაღები, "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეკუთვნის. როგორც "შაბათის ეთერს" წყარო უყვება, 360 ათას კვადრატულ მეტრ მიწაზე გაშენებული ნუშის პლანტაცია, ყოფილმა პირველმა პოლიციელმა,  მეგობარ ძალოვანებთან ერთად რამდენიმე წლის წინ  შეიძინა და დიდ ბიზნესიც წამოიწყო.

  • 36 ჰექტარი მიწა, სადაც ნუშის ათასობით ნერგი დარგეს, ოფიციალურად კომპანია "შაუმიანის ნუშის ბაღებს" ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია "შაუმიანი ნუშის" 100 პროცენტიანი წილის მფლობელი  კაზრეთელი ბიზნესმენი, შალვა აზარაშვილია,  თუმცა ინფორმირებული ადამიანი "შაბათის ეთერს" უყვება,  რომ ის ამ ბიზნესში მხოლოდ ფიქტიური პირია და ვახტანგ გომელაურმა ნუშის პლანტაციები  მარნეულში, მის მოადგილე იოსებ ჭელიძესა და დავით კოდელაშვილთან ერთად გააშენა.

ვინ არის  შალვა აზარაშვილი? 

  • სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შალვა აზარაშვილის სახელზე 5 კომპანიაა რეგისტრირებული: სამი მან 2017 წელს დაარეგისტრირა. 2021 წელს კი  დააფუძნა "შაუმიანი ნუში",  2024 წლის 18 ივლისს კი მის სახელზე სასროლეთი - "მარტყოფის ველი" გადაფორმდა. საჯარო რეესტრში, შალვა აზარაშვილის სახელზე საცხოვრებელი სახლი არ ფიქსირდება. ის მამის კუთვნილ ბინაშია ჩაწერილი. 

ემზარ აზარაშვილი, შალვა აზარაშვილის მამა ამბობს, რომ მის შვილს მხოლოდ ერთი მოქმედი კომპანია აქვს და ამ კომპანიით "არემჯი გოლდისთვის" კაზრეთში ქვიშიანი და ღორღიანი  კარიერის დამუშავებას ახდენს.  

  • საჯარო რეესტრის მონაცემებით,  შალვა აზარაშვილის სახელზე პირველი უძრავი ქონება 2021 წელს გაჩნდა. აზარაშვილმა ჯერ მარნეულში, სოფელ შაუმიანში 360 ათასი კვადრატული მეტრი მიწა გაიფორმა, 2021 წლის 21 იანვარს კი  სახელმწიფოსგან უპირობო აქუციონით კაზრეთში 11 ათასი კვადრატული მეტრი მიწა იყიდა.
  • მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, დადებულ გარიგებებში აზარაშვილის მთავარი დამხმარე  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილის, იოსებ ჭელიძის ცოლის და იყო.
  • 2022 წლის 7 ივლისს, "ემ და ემ კომპანიის" სახელზე ნორიოში სახელმწიფოს კუთვნილი კიდევ ერთი მიწა ფორმდება. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით,  60 ათას 777 კვადრატული მეტრი ტერიტორია ქონების ეროვნულმა სააგენტომ აზარაშვილს 100 ათას ლარად ,  ანუ კვადრატული  ერთ ლარად და 65 თეთრად მიჰყიდა. იმ პირობით, რომ 260 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა და იქ სასროლეთს ააშენებდა. სახელმწიფოსთან დადებულ ამ გარიგებაშიც აზარაშვილის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იოსებ ჭელიძის ცოლის და, ირმა ლომიძე იყო. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ 2024 წლის 18 ივლისით დათარიღებული ჩუქების ხელშეკრულებას დოკუმენტს ხელს, ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელი და  ჭელიძის ახლო მეგობარი დავით კოდელაშვილი აწერს. ამ ხელმოწერით გურიის პოლიციის ყოფილმა უფროსმა  2023 წლის 30 მაისს დაფუძნებული საკუთარი კომპანია სასროლეთი მარტყოფის ველი, შალვა აზარაშვილს აჩუქა.   

ამასთან, აზარაშვილის სახელზე გაფორმებული მიწა ნორიოში ის ტერიტორიაა, სადაც 4 ოქტომბრის აქციის წინ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეთოფეების მომზადებისთვის გამოიყენა.

ვინ არის დავით კოდელაშვილი? 

  • დავით კოდელაშვილი ვახტანგ გომელაურმა 2020 წელს,  გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნა. 2025 წელს კი, გადაყენებამდე რამდენიმე კვირით ადრე კოდელაშვილი გომელაურმა დააწინაურა და გურიის პოლიციის უფროსად გაუშვა.  დავით კოდელაშვილი იოსებ ჭელიძის ახლო მეგობარი და კარის მეზობელია. 

ნუშის ბაღები - მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება