ჩვენებები, გარიგებები და პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი მაღალჩინოსნები - უახლოვდება თუ არა გამოძიება სუსის ექსშეფს
ბორის გოგიჩაიშვილი, რომელსაც ბრალად ედება უაქციზო და ფალსიფიცირებული ალკოჰოლის წარმოება და გავრცელება, წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ფაქტს ადასტურებს მისი ადვოკატი, რომელმაც „პირველებს“ განუცხადა, რომ ციხიდან გათავისუფლებამდე გოგიჩაიშვილი მეორედ დაკითხეს.
ახლა მთავარი კითხვაა - ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ მოპოვებული საქმის მასალების მიხედვით, თავდაპირველად საქმეში ფიგურირებდა გოგიჩაიშვილის მხოლოდ ერთი ჩვენება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოძიებამ ის მეორედ გამოკითხა, რის შემდეგაც დაიწყო დევნა საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის წინააღმდეგ.
პროკურატურის ვერსიით, ხუნდაძე ეხმარებოდა გოგიჩაიშვილს შავი ბაზრისთვის საჭირო პროდუქციისა და მასალების ქვეყანაში შემოტანაში.
მომხდარს დამატებით მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ ხუნდაძე არის სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავი და მეგობარი.
სამართალდამცავებმა მისი დაკავება ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, ხუნდაძემ საქართველო დატოვა მანამდე, სანამ პროკურატურა მის სახლში ჩხრეკას ჩაატარებდა. ადვოკატის თქმით, ის 25 დღის წინ სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.