მოქალაქეები ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ - რა წერია პეტიციაში
საქართველოს მოქალაქეებმა ონლაინ პეტიცია შექმნეს, რომელშიც ისინი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს.
ინიციატივის ავტორები მოითხოვენ, რომ ლონდონმა გაუყინოს აქტივები ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და შეზღუდოს გადაადგილება „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის.
პეტიციას ამ დროისთვის უკვე ასობით მოქალაქე აწერს ხელს, ხოლო ხელმომწერთა სია საათობრივად იზრდება. ავტორების თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რადგან საქართველო დღეს ავტორიტარიზმის ზღვარზეა.
პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელშია ძალაუფლების სრული კონცენტრაცია, რის შედეგადაც ქვეყანაში ხდება ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დევნა, ხოლო ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით.
მოქალაქეების თქმით, ხელისუფლება საქართველოს მოსკოვის ინტერესების მიხედვით მართავს და ევროპული კურსი რეალურ საფრთხეშია.
პეტიციის ავტორები, რომლებიც საკუთარ თავს „ევროპული მომავლის მცველებს“ უწოდებენ, აცხადებენ, რომ არჩევანი დიდ ბრიტანეთზე შემთხვევითი არ არის - მათი აზრით, ლონდონს აქვს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფინანსური აქტივების გავლენის ბერკეტები, ამიტომ ქვეყნის მოქალაქეები ბრიტანეთის რეაგირებას ელოდებიან.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.