პრესის თავისუფლების მტაცებელი საქართველოდან - ივანიშვილი პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სინ ძინპინთან ერთად მოიხსენიეს
ბიძინა ივანიშვილი მოხვდა ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RFS) მიერ გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში, სადაც აღნიშნულნი არიან ავტოკრატული მმართველები და რეჟიმის ლიდერები, რომლებიც დამოუკიდებელ მედიას ზღუდავენ.
ჩამონათვალში ივანიშვილი დასახელებულია ვლადიმერ პუტინთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და ბურკინა ფასოს სამხედრო ხუნტის ლიდერებთან ერთად - ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ სიაში ქართული პოლიტიკური ფიგურა მოხვდა.
RFS-ის ანგარიშში ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი, რომელიც ზღუდავს თავისუფალ მედიას, ახორციელებს ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს და ხელს უწყობს პროპაგანდის დაფინანსებას.
დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების" ლიდერი ქმნის მტრულ გარემოს ჟურნალისტებისთვის და იყენებს სამართლებრივ ზეწოლას კრიტიკული მედიის ჩასახშობად.
საერთაშორისო ორგანიზაციის სიაში, ივანიშვილთან ერთად, მოხვდნენ რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას, სერბეთის, ჩინეთისა და ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მსგავსად იბრძვიან დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ.
მედიაექსპერტების შეფასებით, RFS-ის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ამ ტენდენციას, მათივე თქმით, ხელს უწყობს რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები და ხელისუფლების მიერ კრიტიკული მედიის სისტემური დევნა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.