არაბული დასახლების კრიტიკის გამო "ქართული ოცნება" ლელოს უპირისპირდება
არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით "ლელოს" კრიტიკას შალვა პაპუაშვილი "ქსენოფობიურ კამპანიას" უწოდებს. სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციურ პარტიას ამგვარი კრიტიკით ქვეყნის დაზიანება უნდა. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეკომინიკურ კეთლდღეობაზე თავდასხმაა.
ზუსტად ასეთივე ტყუილები ნანახი გვაქვს ჩვენ ვარკეთილში ჰუალინგ პლაზას კორპუსებთან დაკავშირებით და ეს მაინც ხომ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ზუსტად იგივე, აბსოლუტურად იაფფასიანი ქსენოფობიური კამპანია, რომლის მიზანი არის ერთადერთი რამე: დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ვერ დააზიანეს, ვერ დაგვაწესებინეს სანქციები. ჩახედეთ, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ვისთან არიან დაკავშირებული, რომელ უცხოურ ძალებთან არიან დაკავშირებული? ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური თავდასხმა კოორდინირებული საქართველოს ეკონომიკაზე და კეთილდღეობაზე. ამასაც უნდა ჩავეძიოთ, ნებისმიერი ენჯეო და პოლიტიკოსი, რომელიც ამაზე ხმას ამოიღებს, უნდა ჩავხედოთ, ვინ დგას უკან, იქ ტაივანი დგას თუ სხვა ქვეყანა. რა მაინტერესებს იცით? ეს რომ ყოფილიყო გერმანული ან ინგლისური ინვესტიცია, ამას იტყოდა თუ არ იტყოდა?, - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა. EMAAR ჯგუფი 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის ერთი ნაწილი კრწანისის ტყე-პარკში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდება.