პაპუაშვილი აზა ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩს აკისრებს

03.11.25 14:31
პაპუაშვილი აზა ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩს აკისრებს

საპროტესტო აქციების ფონზე შალვა პაპუაშვილი პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების დაკავებაზე უცხოელ დიპლომატებს აკისრებს. პაპუაშვილის თქმით, ზაჰესში დაკავებული 71 წლის აზა ჩილაჩავას საქმეში მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც, მისი შეფასებით, „შეგულიანებდნენ რადიკალურ ჯგუფებს“.

"ოცნების" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროტესტი „უშინაარსო ქმედებაა“, ხოლო ხელისუფლება მოქმედებს „სამართლიანად და ჰუმანურად“. 

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად, მათ შორის თქვენ ნახეთ, რომ ერთი - ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ 50-მა ადამიანმა საკუთარი ნება მოახვიოს მილიონ-ნახევრიან ქალაქს და ხედავთ, უკმაყოფილებას, რომელიც საზოგადოებაში არის ამ უშინაარსო ქმედებების მიმართ, რადიკალიზმის მიმართ, რომლის მთავარი მომენტი იყო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი და იგივე ხალხი, ახლა ცდილობს, კიდევ ერთხელ იმავე წრეზე წასვლას, რომელიც ბოლოს რომელიმე შენობის შტურმით უნდა დამთავრდეს და ამის ნაწილია ეს ყველაფერი, ასე რომ, ხელისუფლება მოქმედებს - სამართლიანად და ჰუმანურად.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას - პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა, მოტყუებით, თითქოს ხელისუფლებასთან შეხვედრები უნდოდა, მერე რაღაც ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მონაწილეობდა ამ ყველაფერში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე... მონაწილეობა მიიღო, ექსტრემისტებს ესაუბრა და შეგახსენებთ, რომ ის მივიდა იქ, მეყანიწიშვილია, თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი, მის მიმართ მიმდინარეობს ახლა სისხლის სამართლის საქმე. ამით მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა, მოიწონა რადიკალები და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც, მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირიო.

ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ 71 წლის ადამიანი, ამ ტალღას მიყოლილი, რომ ნახა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამით შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ასე რომ, პასუხისმგებელი, მორალური პასუხისმგებლობა ამაზე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4 ოქტომბრის შტურმზე, ერთი სიტყვით არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი ევროკავშირის ელჩს და იწონებენ, სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს. პასუხისმგებლობა არის ევროკომისიის პრესსპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა რადიკალებს, 50 ადამიანს, რომლებიც ქუჩას კეტავენ და ამის შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიჰყვებიან მათ შეგულიანებას, მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში. ასე რომ, პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით", - ამბობს ის. 

გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორში მოინახულა.

ცნობილია, რომ აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. მანამდე ის ერთხელ უკვე მოხვდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, თუმცა მაშინ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.