წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის - ვოლსკი აზა ჩილაჩავაზე

03.11.25 15:54
წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის - ვოლსკი აზა ჩილაჩავაზე

71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავების საქმეზე "ოცნების" წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დევნილის სტატუსი და ასაკი სამართალდარღვევის გამართლების საფუძველი ვერ იქნება. მისი თქმით, ჩილაჩავას არ ჰქონდა უფლება გადაეკეტა ქუჩა, ხოლო ასაკი ვერ ჩაითვლება დამცავ მექანიზმად კანონის დარღვევის შემთხვევაში.

მგონი, ქალბატონ აზას არც იმის საფუძველი აქვს, რომ ქუჩა გადაკეტოს, მითუმეტეს თუ დევნილია, ზუსტად იცის, რა ბედი დააწია სააკაშვილის პერიოდის ხელმძღვანელებმა დევნილებს. იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს და მათ ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს მხარს არ უნდა უჭერდეს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს, - ამბობს ვოლსკი გაგრიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებაზე.

გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორში მოინახულა.

ცნობილია, რომ აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. მანამდე ის ერთხელ უკვე მოხვდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, თუმცა მაშინ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.