რა წერია საქართველოზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში

03.11.25 16:44
რა წერია საქართველოზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში

4 ნოემბერს, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესს შეაფასებს.

ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისათვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ევროპული უწყებებისთვის მომზადებული დოკუმენტის პროექტი - „კომუნიკაცია გაფართოების პოლიტიკის შესახებ“ “რადიო თავისუფლებამ“ წინსწრებით მოიპოვა.

რა წერია ე.წ. გაფართოების დოკუმენტში საქართველოს შესახებ.

„უპრეცედენტო უკუსვლა“ კანდიდატებს შორის

„საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“, - მიიჩნევს ევროკომისია.

„მნიშვნელოვანი გაუარესება“ შარშანდელს შემდეგ

ანგარიშში წერია, რომ:

  • „საქართველოსთან დაკავშირებით, 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ევროპულ გზას და ფაქტობრივად შეაჩერა გაწევრების პროცესი.
  • 2024 წლის დეკემბერში ევროპის საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

„მას შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა“, - მიიჩნევს ევროკომისია და აღწერს, კონკრეტულად სად მოხდა ეს უკუსვლა:

  • „საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“;
  • „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, - მათ შორის სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური უფლებების, ასევე დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შემზღუდველი კანონმდებლობა, ლგბტქ ადამიანების მიზანში ამოღება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სრული დაუსჯელობის პირობებში ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა, - მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს“;
  • გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ცხრა რეკომენდაციის მიმართულებით „მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს“;
  • „კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათს სანდოობას საძირკველი გამოუთხარა“;
  • „ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“;
  • „ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“.

ანგარიშში ასევე საუბარია, საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შესახებ, სადაც წერია, რომ ორივე გამოირჩეოდა „პოლარიზაციისა და დემოკრატიული უკუსვლის მაღალი დონით“.

უვიზო მიმოსვლის საკითხზე

გაფართოების ანგარიშს საქართველოსთვის (ან ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის) უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

მაგრამ შესაძლოა რომ პრეტექსტი შექმნას ამ საკითხზე რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისათვის.

თუკი - როგორც ამ შემთხვევაში ხდება - ანგარიში სერიოზულ დემოკრატიული უკუსვლაზე საუბრობს, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება წევრი ქვეყნებისათვის თავიანთი პოზიციის გასამართლებლად.

ამ ანგარიშში დასახელებული პრობლემების ნაწილი - ფუნდამენტური უფლებები - ასევე აღწერილი იქნება ანგარიშში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ - რომელიც ასევე ნოემბერში გამოქვეყნდება.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის 20 ოქტომბრის განცხადებიდან გაირკვა, რომ ამ ანგარიშზე დაყრდნობით, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიიღოს.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: