"მითხარით რას ითხოვთ ჩემგან" - წყაროს ცნობით, მიქაუტაძემ პროკურატურას გარიგება შესთავაზა
"პირველების" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე პროკურატურასტან მოლაპარაკებისთვის მზადაა.
"მითხარით რას ითხოვთ ჩემგან" - ციტირება TV პირველის წყარი ექს მაღალჩინოსანს.
"პირველებმა" მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, დაკავებულის ადვოკატთან შეძლო. ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო უწყებასა და რომეო მიქაუტაძეს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მომავალში რა იქნება არ ვიცი. ორივე მოწმემ ცალსახად აღნიშნა, როგოც სხვა დანარჩენმა მოწმეებმა, რომ როდესაც ისინი თითქოსდა უთითებდნენ გამოძიების ეტაპზე გავლენების გამოყენებაზე, ისინი არ გულისხმობდნენ არაფერ უკანონოს, შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი მოწმეებით ვერ დადასტურდება ის აბსურდული ბრალდება, რაც წარდგენილი აქვს ბატონ რომეოს ბრალად. გამოყენებულია ერთი და იგივე ლექსიკა, ერთი და იგივე წინადადებების წყობა, რაც შეუძლებელია უბრალოდ 117 მოწმის შემთხვევაში, აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გამოკითხვის ოქმები ძირითადად შედგენილია გამოძიების მიერ," - განაცხადა ადვოკატმა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.