რომელ უწყებებში მუშაობდა ე.წ ატკატების სქემა? (შეფასებები)
რომელ უწყებებში მუშაობდა ე.წ ატკატების სქემა? - ბიზნესმენის, ზურაბ ტუკვაძის აღიარებამ დასაბუთებული ეჭვი გააჩნია, რომ შესაძლო დანაშაულებრივი გარიგებები სხვა სამინისტროებშიც არსებობდა.
კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა სამინისტროებთანაც არ თანამშრომლობდა მსგავსი სქემით.
ბიზნესმენ ტუკვაძის კომპანიას ჯამში 250-ზე მეტი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერის, სანდრო ქევხიშვილის თქმით, თუ საგამოძიებო უწყებას მართლა კორუფციასთან ბრძოლა აინტერესებს, წესით ყველგან უნდა მოხდეს მოკვლევა.
არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს ადამიანი მსგავსი კორუფციული გარიგებით არ არის შესული სხვა უწყებებთან და სხვა შესყიდვებში. წესით ყველგან უნდა მოხდეს მოკვლევა, ხომ არ ჰქონდა მსგავს სქემას ადგილი. ეს არის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საგამოძიებო უწყებამ უნდა მიმართოს, თუ მას აინტერესებს კორუფციასთან ბრძოლა და თუ ამას არ იზამენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ადასტურებენ რეალურად, რომ გამოძიებას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის შიდა კლანურ ბრძოლაში," - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებები სახელების და თანამდებობების დასახელებას არ ერიდებიან და ყველგან სადაც იქნება რაიმე ეჭვი კორუფციული გარიგებისა სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად იმოქმედებენ.
არც უსაფრთხოების სამსახური, არც შსს, არც პროკურატურა არ ერიდება არც სახელებს, არც გვარებს, არც თანამდებობებს, არც პარტიულ კუთვნილებას, ამ პოლიტიკის გატარების საქმეში ასე, რომ ყველგან სადაც იქნება რაიმე ეჭვი კორუფციული გარიგებისა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად იმოქმედებენ," - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ზურაბ ტუკვაძე სუს-ს ჩვენებაში უყვება, რომ მოგებული ტენდერების სანაცვლოდ იხდიდა ქრთამს და ფულს უგზავნიდა თავდაცის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძეს.
მეტიც, ბიზნესმენი ჩვენებაში ამბობს, რომ ეს კორუფციული სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული.
ზურა ტუკვაძე, „კიას ცენტრის“ და 10 -მდე კომპანიიის მფლობელი, 36 წლის ბიზნესმენია. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის თავად აღიარებს, რომ წლების განმავლობაში, ჯარის ძარცვის სქემის თანამონაწილე იყო, თუმცა არ დაუკავებიათ, რადგან თავისუფლების სანაცვლოდ ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო. სუს-ის ფაილების მიხედვით, 2025 წლის 18 ივლის აღიარებითი ჩვენება გამოძიებას ტუკვაძემ მისცა და მის კაბინეტში გამართული კონსპირაციული შეხვდრის შესახებ უამბო.