პარტიების გაერთიანების გეგმა - დადგება თუ არა ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში?
არჩევნებისთვის აქტიური მზადება, ერთიანი სია და არჩევნებზე სანდო დამკვირვებლების მონაცემთა ბაზის შექმნა - ასე ხედავს წინააღმდეგობის გაგრძელების გზას ყოფილი სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო და თვითმართველობის არჩევნებზე ისეთი შეცდომები დაუშვა, რითაც საბოლოოდ "ქართულმა ოცნებამ ისარგებლა", ახლა კი ამ დაშვებული შეცდომების და ახალი არჩევნებისთვის მზადების დროა.
არსებობს თუ არა გაერთიანების რესურსი? - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც პოლიტიკურ პარტიებს უჭირთ. ერთიან სიამდე და თანამშრომლობის რესურსის პოვნამდე, ჯერ საერთო ენაა გამოსანახი, რაც მათი კომენტარებიდან ჩანს, რომ მარტივი არ არის.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" და პარტია "ახალთან" ერთად "ქართული ოცნება" აკრძალვას "ლელო - ძლიერ საქართველოს" უპირებს. ამ პარტიაში კი გაერთიანების შანსებზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებენ. მიზეზი - აქამდე არსებული თავდასხმებია, რომელიც "ლელოს" თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მოჰყვა.
26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი წლის თავზე განსხვავებული მოცემულობის წინაშეა ექსპრემიერის პარტია. გიორგი გახარიას გუნდი ერთადერთია, ვინც ბოიკოტი დაარღვია და პარლამენტში შევიდა.
პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზადაა "თავისუფლების მოედანი". მოძრაობა, რომელსაც "ქართული ოცნება" პარტიად ამ დრომდე არ არეგისტრირებს, დარწმუნებულია, რომ ერთიანი ძალებით "ოცნების" წინააღმდეგ ოპოზიციას ბევრად მეტი შანსი აქვს, თუმცა როგორი კონფიგურაციით უნდა გადაჯგუფდნენ პარტიები, ამისთვის, მათი თქმით, კვლევებია საჭირო.