ევროკომისიის პასუხი "ოცნების" პოლიტიკას - ცნობილი ხდება რა წერია დოკუმენტის პროექტში

03.11.25 20:23
ევროკომისიის პასუხი "ოცნების" პოლიტიკას - ცნობილი ხდება რა წერია დოკუმენტის პროექტში

ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი ივანიშვილის გუნდის ლიდერებს ურჩევს სარკეში ჩაიხედონ და რეალობა დაინახონ. ანიტა ჰიპერმა შალვა პაპუაშვილს უპასუხა, რომელმაც ევროკომისიის გაფართოების დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირი ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 

რა წერია ანგარიში, რომელსაც ევროკომისია ხვალ გამოაქვეყნებს? - უპრეცედენტო უკუსვლაა - ასე აფასებს ივანიშვილის რეჟიმის ბოლო ერთი წლის მმართველობას ბრიუსელი. დოკუმენტში, რომელიც წინსწრებად "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროვა, პირდაპირ წერია, რომ ქვეყანამ სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა და კანონის უზენაესობის ეროზია განიცადა. "ოცნებას" ერთი წლის მანძილზე, არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ანტიდასავლური კურსის შესაცვლელად. ამ ჩანაწერით ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ 9 რეკომენდაციიდან რეჟიმს არაფერი შეუსრულებია.

დოკუმენტში წერია, რომ რეპრესიული კანონები უპრეცედენტოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში. დემოკრატიული უკუსვლა დოკუმენტში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა. ევროკომისია ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავებები, და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიულ პლურალიზმზე თავდასხმას წარმოადგენს.

სავარაუდოდ, ევროკომისია "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავიზო სანქციების დაწესების რეკომენდაციას გასცემს, თუ ამის შემდეგაც "ოცნების" ანტიევროპული კურსი არ შეიცვალა, საქართველოს შესაძლოა კანდიდატის სტატუსიც ჩამოერთვას. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს დოკუმენტი ივანშვილი-კობახიძის გუნდისთვის განაჩენია.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის სიუჟეტში