ტენდერებში მოგებული მილიონები - ვისთან მიჰქონდათ ქრთამი
მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერების გამარჯვებული, ბიზნესმენი ტარიელ ხეჩიკაშვილი კითხვას მის ბიზნესპარტნიორზე აგრესიით ხვდება. არადა ზურაბ ტუკვაძის აღიარებითმა ჩვენებამ, რომ ტენდერების მოგების სანაცვლოდ დიდ ქრთამს იხდიდა, ბევრი კითხვა გააჩინა. თუ ერთ ბიზნესმენს მილიონზე მეტი ქრთამი აქვს გადახდილი, ვინ იცის რა გარიგებებით არი მოგებული სხვა ტენდერები. მხოლოდ კომპანია "სოლემრატს", რომელის შეფმაც ქრთამის მიცემა აღიარა 278 ტენდერი აქვს მოგებული და 110 გამარტივებული შესყიდვა. მათ შორის 2024 წელს პროდუქტს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც აწვდიდა, სავარაუდოდ, ამ დრომდე ემსახურება პენიტენციურ სამსახურს. ჯამში მხოლოდ "სოლემარტს" 53 მილიონის შესყიდვები ჰქონდა.
ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ქრთამის მიცემა ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული და ფული ჩანთებით მიდიოდა, სამედიცინო აპარატურის ბიზნესთან ერთად ფლობს ავტობიზნესსაც, ის ტარიელ ხეჩიკაშვილის შვილთან ერთად "კიას" მფლობელია, "კიას" ცენტრს კი არაერთი ტენდერი აქვს მოგებული სახელმწიფოსგან. კომპანია "სოლემარტს", რომელიც ამ წლების განმავლობაში ტენდერებს იგებდა, თავიდანვე ჰქონდა კორუფციული რისკები - დაბალი კონკურენცია, დაბალი ფასდაკლება, ავანსის გაცემა - მაგრამ აქამდე ეს დაბრკოლება არ იყო.
ახლა მკვლევარებს აინტერესებთ, თუ 1 ბიზნესმენი აღიარებს, რომ ერთ მინისტრს უხდიდა ქრთამს, უხდიდა თუ არა ფულს სახელმწიფო შესყიდვების სანაცვლოდ სხვებსაც?! თუ 1 ბიზნესმენს სთხოვდნენ ქრთამს, იგივენაირად ითხოვდნენ თუ არა ფულის მიტანას სხვებისგანაც?! წესით საგამოძიებო უწყებები ახლა მაინც უნდა იძიებდნენ იმ ფაქტებს, რაზეც წლებია სხვებისგან ისმენენ.