"საქართველოსთან მიმართებით EU-ს გაფართოების ანგარიში მწვავე იქნება" - მოლოდინები ოპოზიციაში
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციას პოზიტიური მოლოდინები არ აქვს. "ოცნების" ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ივანიშილის გუნდის ანტიდემოკრატიული პოლიტიკის ფონზე, ევროკავშირი იძულებული იქნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ გაუყინოს და ასევე, პირველ ეტაპზე, უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს "ოცნების" მაღალჩინოსნებს.
საქართველო, ფაქტობრივად, ფორმალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს. კანდიდატის სტატუსი კიდევ უფრო კრიტიკულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს პოლიტიკას, ვინაიდან კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ასოცირებულ სახელმწიფოს. ევროკავშირის მიღებული ეს ანგარიში არის საფუძველი იმის, რომ ევროკავშირს მოუწევს უკვე შემდეგი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში: ერთი, რომ კანდიდატის სტატუსი გაყინოს უვადოდ, სანამ არ შეიცვლება ხელისუფლება, მეორე - გაყინოს თავისუფალი მიმოსვლა ჯერ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ანგარიში მწვავე და უმკაცრესი იქნება.
რა თქმა უნდა, ოფიციალური პასუხი, ანგარიში, შეფასება საქართველოში მიმდინარე პროცესებისა, ძალიან მწვავე იქნება. ცალსახად ამის მოლოდინი გვაქვს. ჯამში დემოკრატიული უკუსვლაა: ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, მედიების დევნა, პოლიტპატიმრები ენ რაოდენობით, ციხეებში პატიმრები რეპრესიული კანონების შედეგად, რომლებიც ეწინააღმდეგება არათუ ევროპის კონვენციებს, არამედ საბაზისო ადამიანის უფლებების პრინციპებს. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის შიგნით, ფაქტობრივად დიქტატურის ფორმალიზება ხდება, თან ყველა პძირითადი პოლიტიკური პარტიების გაუქმების მცდელობით, რა თქმა უნდა, შეფასება, რომელიც წამოვა ბრიუსელიდან, იქნება უმძიმესი, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
ენმ-ს წევრს, გიორგი ბარამიძესაც აქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილის გუნდის მმართველობის პირობებში საქართველოს ძალიან ცუდი შეფასება ექნება.
სამწუხაროდ, ჩვენი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით, საქართველოს აქვს საშინელი, ძალიან ცუდი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას, დამღუპველობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ბანდა ატარებს საქართველოში, - ამბობს გიორგი ბარამიძე.
ბრიუსელში დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, გაიმართება ევროკავშირის „გაფართოების სამიტი“, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. შეხვედრის პარალელურად, გამოქვეყნდება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელიც საქართველოსა და სხვა კანდიდატ ქვეყნებში ჩატარებულ რეფორმებსა და პროგრესს შეაფასებს.