ჰერჩინსკი: საქართველო არ მიდის იმ ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოიტანს, არც 2030 წელს და არც უფრო გვიან
გაფართოების ანგარიში ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, საქართველო არ მიდის იმ ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოიტანს, არც 2030 წელს, ან უფრო გვიანაც, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში “პირველების“ კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ვიდრე ქვეყანაში იქნება უკუსვლა ძირითადი უფლებების და თავისუფლების კუთხით, “საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“.
ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ EU მზადაა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა შეიცვალოს სიტუაცია.
გაფართოების ანგარიში ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, საქართველო არ მიდის იმ ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოიტანს, არც 2030 წელს, ან უფრო გვიანაც. არის უკუდახევა დემოკრატიის განვითარების გზაზე. არის ძალიან მტრული ანტიევროპული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მეორდება ძალიან მაღალ დონეებზე ხელისუფლების. ხდება ეროზია ძირითადი უფლებების და თავისუფლებების მოსახლეობისა, რაზედაც თავად ევროკავშირია დაფუძნებული. აზრის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები. საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანამ არის უკუსვლა ამ მიმართულებებით. მეორეს მხრივ, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა შევცვალოთ ეს ძალიან სამწუხარო სიტუაცია.
მე და ჩემი პერსონალი, ევროკავშირის წარმომადგენლობაში იმიტომ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს წინსვლას, რომ ის იყოს წარმატებული მაგალითი, მაგრამ ამისთვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნება, რომლებმაც უნდა მისდიონ იმ საბაზისო წესებს და პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.