პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშს კონფრონტაციით პასუხობს და "მტრულ კამპანიას" უწოდებს
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ევროკავშირის ინსტიტურების ლიდერების კრიტიკულ განცხადებებს კვლავ ბრალდებებით პასუხობს.
მისი მტკიცებით, გაფართოების ანგარიში სიცრუითა და მტრული რიტორიკითაა გაჟღენთილი.
დემოკრატიული უკუსვლა არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ევროკავშირის ინსტიტუტებს ახასიათებს,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ბიუროკრატია, რომელიც გაიჟღინთა ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და უპატივცემულობით ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრმა მორჩილებას არ ავლენს, ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებასა და სახელმწიფოს მართვის სუვერენული უფლებით სარგებლობას. ამის კარგი მაგალითია ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში საქართველოზე, სადაც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან. ზუსტად ამგვარი, უკვე ტრადიციად ქცეული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიშიც, სადაც საქართველოს მონაკვეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი.
ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. სწორედ ამიტომ, გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიუსელის მხრიდან არის მცდელობები, რომ საქართველოს მთავრობა იდეოლოგიური და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ მოაქციოს.
წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა „რუსულ დეზინფორმაციას“, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, „ენჯეოებისა“ და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღის წესრიგით დაფინანსების შესახებ, ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე.
ცრუობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელსაც მოქმედი ოპოზიციონერების მიმართ ანგარიშსწორების ინსტრუმენტად მოიხსენიებს და არ ამბობს სიმართლეს კომისიის მიზნების შესახებ, რითაც კიდევ ერთხელ დგება სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარეს და ამით დასცინის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს, - აცხადებს ის.