ევროკომისიის მწვავე ანგარიში - "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

05.11.25 13:47
ევროკომისიის მწვავე ანგარიში - "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული მწვავე ანგარიშის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება. "ოცნების" დეპუტატი ლადო ბოჟაძე აღნიშნულ დოკუმენტს "სუბიექტურს" უწოდებს და ევროკომისიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ბოჟაძე ამტკიცებს, რომ ევროპას ქართველი ხალხის დასჯა სურს.  

გუშინდელი ანგარიში იყო სრულიად სუბიექტური. ბევრი იყო იქ დაუზუსტებელი ინფორმაცია, შეიძლება, ითქვას - ტყუილი. აც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ადამიანის უფლებების გარდა იქ არის სხვა მრავალი სტანდარტი, რომელსაც ჩვენ 2017 წლიდან ვასრულებთ. ეს იქნება ევრობიუროკრატიის პასუხისმგებლობა, ვისაც უნდა, ქართველი ხალხი დასაჯოს მარტო იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და მარტო იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ბედავს, მათი ჭკუით, და ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც თვითონ სჭირდება, - ამბოლბს ლადო ბოჟაძე. 

ევროკომისიას ტყუილში ადანშაულებს "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილიც. დეპუტატი ამტკიცებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა არ არსებობს.   

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, ის ნაწილი განსაკუთრებით, რომელიც ნეგატიურად აფასებს საქართველოს, არის თავიდან ბოლომდე ტყუილი, იმიტომ, რომ ის ვითომდა ჩამორჩენა და უკუსვლა დემოკრატიულ ღირებულებებში თუ ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში, რასაც ეროკავშირის ეს ანგარიში გვაბრალებს, არის აბსოლუტური ტყუილი. ევროკომისია მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსაც არ ენდობა და ეს გაფართოების ანგარიში წინასწა, მიმართულად საზოგადოებაში აგრესიის, პოლარიზაციის გაღვივების მიზნით, აცხადებს ასეთ ტყუილ დასკვნას, - ამბობს ეკა სეფაშვილი. 

ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია - დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა. 

კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.

ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაა.