ანგარიშმა ცხადყო, რომ "ოცნებამ" საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაასამარა - დათუნაშვილი
ევროკომისიის ანგარიშმა ცხადყო, რომ "ოცნებამ" საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაასამარა, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი საუბრობს.
პოლიტიკოსის თქმით, ევროპელებმა "ქართულ ოცნებას" და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ქვეყნის ევროინტერგაციის პროცესი დასრულებულია.
გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ, ყველანაირი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული. დღეს საბოლოოდ გამოვლინდა, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი გამონათქვამი, რომ "მხოლოდ ფურცელზეა საქართველოს კანდიდატის სტატუსი", ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია - დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.
კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.
ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაა.