EU-ში გაწევრიანების პროცესი აღდგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ივანიშვილს მოიშორებს - ბოკუჩავა

05.11.25 14:20
EU-ში გაწევრიანების პროცესი აღდგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ივანიშვილს მოიშორებს - ბოკუჩავა

ენმ-ს თავმდჯომარის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საბოლოოდ აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მიზანმიმართულად შეაჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მოტყუებით აშორებს ქვეყანას ევროკავშირის ოჯახს.

მისი თქმით, სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმზე, და საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ მაშინ აღდგება, როცა ქვეყანა გათავისუფლდება ივანიშვილის გავლენისგან.

სწორედ ამ ანგარიშს გამოიყენებს ევროავშირი უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის. მარტა კოსმა და კაია კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ატყუებს ქართველ ხალხს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელსაც ელოდება ევროკავშირი საკუთარ დიდ, პოლიტიკურ, უსაფრთხო ოჯახში, შეუძლია, რომ აღადგინოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვიშორებთ ივანიშვილს, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია - დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა. 

კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.

ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაა.