რა ეტაპზეა გამოძიება ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გაფლანგულ მილიარდზე და რას ამბობენ კორუფციის მკვლევარები
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინისტრმა, რეზი სოხაძემ პარლამენტში მისი წინამორბედი ამხილა, კორუფციის მკვლევარები საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.
- თითქმის ორი კვირის წინ სოხაძემ, პარლამენტში, განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალური განვითარების ფონდზე გაამახვილა. მისი თქმით, აღნიშნული ფონდის პროექტები 75%-მდე პრობლემურია, როგორც სამუშაოების შესრულების ხარისხში, ასევე ვადებში.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ახლა გამოძიება დაინტერესებული უნდა იყოს იმ პროექტებით, რომლებიც ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდში სრულდებოდა.
მოდი პირდაპირ ვთქვათ, ფულს იპარავ ხიდის მშენებლობაზე, ხიდის რისკებს ზრდი, იპარავ გზაზე, იპარავ რკინიგზაზე, რისკებს ზრდი. ეს ეჭვი ყოველთვის იყო, როდესაც გაიცემოდა საკმაოდ დიდი თანხები საჯარო შესყიდვებიდან და ამ თანხების დიდი ნაწილი თითქოს მიდიოდა პროექტებში, მაგრამ ეს პროექტები არ სრულდებოდა, ან შუაგზაში ჩერდებოდა, მერე ან ტენდერში გამარჯვებული კომპანია იკარგებოდა, გარბოდა. ეს იყო საჯარო ფულის არამიზნობრივი, ან არაეფექტური ხარჯვის პრობლემა. ის, რაც მოიპარა და წაიღო კომპანიამ ხალხის ფულია და ის, რომ დამატებით ერთ პროექტზე პრაქტიკულად ხარჯი ორმაგდება ესეც ხალხის ფულია და ასეთი პროექტები საკმაოდ ბევრი იქნება, როგორც მუნიციპალურ დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე," - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე.
კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ორ სტრატეგიულ მონაკვეთზე, რადგან "ეგის ინთერნეიშენალი" რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთი ზედამხედველი კომპანია იყო.
ყველაფერი კარგად ვერ არის იმიტომ, რომ ჩვენ დავდივართ მკვლელ გზებზე, ჩვენ დავდივართ ისეთ შენობებში, სადაც პრობლემა არის იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხის პრობლემა გვაქვს.
ფულის მოპარვა, კორუფცია გვკლავს, პირდაპირ კავშირში არის გამომდინარე იქიდან, რომ ფული მოიპარეს ხარისხის ხარჯზე, სხვანაირად ტენდერში ფულს ვერ იპარავ, სამშენებლო ტენდერში.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ ორ სტრატეგიულ მონაკვეთს: ეს არის რიკოთი, ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს არის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთი, რადგან ორივე შემთხვევაში ზედამხედველი კომპანია იყო "ეგის ინთერნეიშენალი", ეგ ის კომპანიაა არის, რომლის თანამშრომლები დაჭერილი ჰყავს თაღლითობისთვის, რომლებმაც დოკუმენტაცია გააყალბეს. ლილო-ნორიოს დამაკავშირებელი გზა დანგრეულია, ქუთაისი-მამისონი-ალპანას მონაკვეთს პრობლემები აქვს, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი დანგრეულია," - ამბობს ბესიკ დონაძე.