ევროკომისიის უმძიმესი ანგარიში და ქვეყნის პირველი პირის პასუხი ბრიუსელს ჩინეთიდან
ბრიუსელს ქვეყნის პირველი პირი ჩინეთიდან პასუხობს. ირაკლი კობახიძემ 90 გვერდიანი ანგარიში წაიკითხა და პრობლემის აღიარების ნაცვლად ევროკავშირზე თავდასხმა გადაწყვიტა. პრემიერი უკუსვლაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და ამბობს, რომ ამ დოკუმენტში ყველა სიტყვა ტყუილია.
ევროკომისია გასული ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკას აჯამებს და წერს, რომ მდგომარეობა ყველა მიმართულებით გაუარესებულია. ტერმინი უკუსვლა აქ ყველაზე მეტჯერ გამოყენებული სიტყვაა. ბრიუსელი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ პირობების შესრულებული რაოდენობა 9დან 0ია. არცერთი მიმართულებით ქართულ ოცნებას პოზიტიური ნაბიჯი არ გადაუდგამს და მეტიც, მიღებული რეპრესიული კანონებით გააუარესა ერთი წლის წინანდელი მონაცემებიც.
ანგარიშში წერია, რომ ქართულმა ოცნებამ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონები მიიღო ერთპარტიულად, დაჩქარებული ტემპით, სრულფასოვანი განხილვის გარეშე. კანონითვე შეზღუდა განხილვის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის წილი. სასამართლო სისტემა სრულად დახურა, არასაჯარო გახადა სასამართლო სხდომები, გაუფართოვა უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დააყადაღა სამოქალაქო ორგანიზაციები, შეზღუდა მათი უფლებები არჩევნების დასაკვირვებლად, შეამცირა არჩევნების მიმართ ნდობა, შეასუსტა ნდობა სასამართლო სისტემისადმი. მოქალაქეების თვითნებურმა დაკავებებმა, არაპროპორციულმა სასჯელებმა და გამოუძიებელმა ძალადობამ სისტემა კიდევ უფრო რეპრესიული გახადა და ამის მთავარ იარაღად იქცა სასამართლო. ქვეყანა აღარ არის დემოკრატიის გზაზე და ამ პირობებში ევროინტეგრაცია ვეღარ გაგრძელდება.
ბრიუსელი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა. გადადგმული ნაბიჯების გარდა, სახელისუფლებო პარტიამ თავად თქვა უარი გაეგრძელებინა მოლაპარაკების პროცესი, მიმართა დეზინფორმაციულ კამპანიას პარტნიორების, ელჩების და დასავლური სამყაროს მიმართ. იყენებდა სიძულვილის ენას და შეთქმულების თეორიას, ანტიდასავლურ რიტორიკას, რამაც ურთიერთობების გაუარესების გარდა, ქვეყანა დააშორა ევროპულ კავშირს. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აღარ აქვთ ვალდებულება მარტივად გასცენ ვიზები პასუხისმგებელ პირებზე და ვიზალიბერალიზაცია მოქალაქეებისთვის საფრთხის ქვეშ დგება.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.