ბათუმის ბულვარის დირექტორად მზია ამაღლობელის საქმის მოწმე პოლიციელი დანიშნეს

05.11.25 19:42
ბათუმის ბულვარის დირექტორად მზია ამაღლობელის საქმის მოწმე პოლიციელი დანიშნეს

ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე მზია ამაღლობელის საქმის მოწმე პოლიციელი, არჩილ ანთაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის საქმეზე მიცემული ცრუ ჩვენებების გამო ლიეტუვამ დაასანქცირა.

არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. მას მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს. მას შემდეგ, რაც პოლიციელი იძულებული გახდა საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში, თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართულებით არ იფურთხებოდა.

ასევე არჩილ ანთაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის შეესწრო, როგორ ესაუბრებოდა მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და თქვა, რომ "მზია ამაღლობელი გამოხატავდა აგრესიას დგებუაძის და პოლიციის მიმართ".

თუმცა კადრებში, რომელიც სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მას აჩვენა, ჩანს, რომ მაშინ, როცა მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს ელაპარაკებოდა, არჩილ ანთაძე მოშორებით, დგებუაძისა და ამაღლობელისკენ ზურგშექცევით იდგა და აქციის მონაწილეებთან კამათობდა.

ამასთან გამოცემის ცნობით, ბათუმის ბულვარის უკვე ყოფილი დირექტორი, ლაშა მიქელაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა. ლაშა მიქელაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად 2022 წლიდან მუშაობდა.

[ფოტო: "ბათუმელები"]