"ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი "ოცნებისთვის'' - ხოშტარია
"ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი "ოცნებისთვის'' - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც მის Facebook გვერდზე ვრცელდება.
დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ევროპის კარი ქართველი ხალხისთვის "ჯერ კიდევ შეღებულია", თუმცა მუდმივად ღია ვერ იქნება.
ელენე ხოშტარიას თქმით, "დამოუკიდებლობის მამებს თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ ჩვენთვის, რომ ჩვენ ის რუსებს ჩავაბაროთ".
ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი "ქართული ოცნებისთვის'', რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე პრაქტიკულად გაანადგურა. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, რომლისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის ვერ იქნება მუდმივად ღია. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას შევძლებთ მხოლოდ დიდი ძალისხმევით.
ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ ჩვენთვის, რომ ჩვენ ის რუსებს ჩავაბაროთ.
ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია.
ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია.
ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია - დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.
კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.
ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაა.