"ოცნება პანიკაშია" - ხელისუფლება სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს
პრეზიდენტის შიმშილობის 25-ე დღე - სახალხო დამცველის მწვავე განაცხადების მიუხედავად, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია, კი მესამე პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სააკაშვილის მე-18-ე დაწესებულებაში ჰოსპიტალიზირება პირველ რიგში, რისკის შემცველია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სახალხო დამცველმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება და ხაზი უნდა გაესვას, მაღალპროფესიული განცხადება, რომ არც სამედიცინო თვალსაზრისით და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-18-ე დაწესებულება მზად არ არის, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირება მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, იუსტიციის სამინისტროს თითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს. რაც შეეხება უსაფრთხოების კომპონენტს, ეს არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშნელოვანი თემა, რის გამოც მე18 დაწესებულებაში არ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირება. იქ არის მაღალი რისკი მის სიცოცხლესთან დაკავშირებით. „ოცნება“ არის პანიკაში, „ოცნებას“ სასამართლოების ჩატარების ეშინია, მიხეილ სააკაშილის საამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინია და კლინიკასთან დაკავშირებით ხომ ირაციონალური შიშები აქვს, - განაცხადა ბასილაიამ.
რა პოზიცია აქვს თავად მესამე პრეზიდენტს ომბუდსმენის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დატოვებენ.