წერილი რუბიოს: კონგრესმენები სახდეპისგან ოცნების "საშიშ სიცრუეზე" საპასუხო ზომებს ითხოვენ
ამერიკელი კონგრესმენების წერილი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს - ორპარტიული წერილის ავტორები მაღალჩინოსანს მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც, საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუბიოს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ან მიზანში ამოღების მსხვერპლნი.
წერილში საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის აშშ-ს მთავრობას საგარეო სამსახურის მოქალაქეებისთვის (FSN) "გადახდების" უზრუნველყოფით საქართველოში "რევოლუციის გაღვივებაში სდებს ბრალს".
გავლენიანი კონგრესმენები წერენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულმა საშიშმა სიცრუემ აშშ-ის ყოფილი პერსონალი საფრთხეში ჩააგდო“. წერილის ავტორები თვლიან, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს მკაცხრად უნდა უპასუხოს.
1-ელ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.
ეს სინამდვილეში იყო სამსახურიდან გათავისუფლების (პენსიის) ანაზღაურება, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო. მის კომენტარებს ქართული ოცნების პოლიტიკოსებიც იზიარებენ. ეს არასწორი დახასიათება საგარეო სამსახურის თანამშრომლებს საფრთხეში აგდებს. „ქართული ოცნება“ არ ავლებს სერიოზულ განზრახვას შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.
მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ძლიერად უპასუხოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მომუშავე პერსონალის მიზანში ამოღებას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს.
მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ობიექტები ან თავდასხმის სამიზნეები“, - აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერენ აშშ-ის სენატორები : ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჯონ კერტისი (რესპუბლიკური პარტია) და შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია) და ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია).